დემოკრატიის სიძლიერე მისი ინსტიტუტების სიძლიერეზეა დამოკიდებული. სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების დასაყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ეფექტიანი ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებამ გახადა საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.
„ჩემთვის პატივია, ვისაუბრო პარლამენტების მნიშვნელობის თაობაზე მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და ძლიერი ინსტიტუტების ხელშეწყობაში. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ამჟამინდელი ძალადობრივი კონფლიქტები ძირს უთხრის მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობას, რასაც დამანგრეველი შედეგები აქვს საზოგადოებებისათვის, განსაკუთრებით, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უკეთ ვიაზრებთ მშვიდობის ფასს. ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეებს, განსაკუთრებული როლი შეგვიძლია, შევასრულოთ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ღია და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, რათა ხელი შევუწყოთ მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. დემოკრატიის სიძლიერე მისი ინსტიტუტების სიძლიერეზეა დამოკიდებული. სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების დასაყრდენია. ინსტიტუტები იცავს ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უწყობს მმართველობის თანმიმდევრულობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, აგრეთვე უზრუნველყოფს პოლიტიკისა და კანონების სამართლიან, ეფექტიან აღსრულებას. აღნიშნული ინსტიტუტების გარეშე დემოკრატია მოწყვლადი ხდება. სწორედ ეფექტიანი ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებამ გახადა საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეფექტიანი და ინოვაციური საჯარო სერვისების, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა სესიის მონაწილეებს მიმართა, რომ უმნიშვნელოვანესია თითოეულის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
„საქართველოს პროგრესი კარგად არის ასახული გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში, თუმცა უკანასკნელ წლებში მზარდი დეზინფორმაციული კამპანიების მომსწრენი გავხდით, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, სიმართლის დამახინჯებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის ძირის გამოთხრას. ზემოაღნიშნული მიღწევების მიუხედავად, საქართველოც არ არის დაცული ამ უპრეცედენტო გამოწვევისგან. პრობლემა მდგომარეობს, ერთი მხრივ, გარე გეოპოლიტიკურ ზეწოლასა და უცხოური ჩარევის საფრთხეში და, მეორე მხრივ, შიდა რადიკალიზმისა და პოპულიზმის ზრდაში. საგარეო მიმართულებით რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით; უარს აცხადებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და ადგილზე ინარჩუნებს არასტაბილურობას, კრიმინალურ აქტივობებს. ეს უნდა დასრულდეს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების უპატივცემულობა პანდორას ყუთს ხსნის, რის გამოც მთელი მსოფლიო შეიძლება, არნახულ ქაოსში გაეხვიოს. უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, მადლიერები ვართ, რომ, ბევრი თქვენგანის სოლიდარობით, 2023 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა. იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ მზარდ შიდა რადიკალიზმსა და პოპულიზმს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დეზინფორმაციულ ნარატივებთან ბრძოლა და ვიყოთ სანდოები, დამაჯერებელნი და დროულნი ჩვენს ამომრჩევლებსა და საერთო მოსახლეობასთან კომუნიკაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვის პარლამენტსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ბევრი ითქვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებზე, ამიტომ მეტ ყურადღებას დავუთმობ კომუნიკაციასა და ხალხთან წვდომას. მართლაც, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარლამენტსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია. საქართველოს პარლამენტი დიდ ძალისხმევას წევს მოსახლეობასა და პარლამენტს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებაში ღია, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის განვითარებით. მაგალითად, საქართველოს პარლამენტი გლობალურ დონეზე მოწინავე ქვეყნებს შორისაა ღია მმართველობის კუთხით. ჩვენ აგრეთვე გავაფორმეთ შეთანხმება პლატფორმასთან, რომელიც წარმოადგენს საქართველოს რეგიონებსა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს უმრავლესობას, რათა უზრუნველვყოთ უფრო ინკლუზიური, ღია და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენ უზრუნველვყოფთ საპარლამენტო პროცესებისადმი წვდომას როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ. ამასთანავე, პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას იმის გაცნობიერებით, რომ მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და ძლიერი ინსტიტუტების გარეშე რთული იქნება პროგრესის მიღწევა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.
დაბოლოს, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებაზე, რათა ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას პარლამენტს, სკოლებს, უნივერსიტეტებს შორის და წავახალისოთ საპარლამენტო პროცესებში ახალგაზრდობის უფრო აქტიური ჩართულობა. ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდია სახელმწიფო ინსტიტუტების როლი. ეს ინსტიტუტები საყრდენებია, რომლებიც განამტკიცებს დემოკრატიის პრინციპებს, იცავს მოქალაქეთა უფლებებს და უზრუნველყოფს მთავრობის სათანადო ფუნქციონირებას. ჩვენ, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებმა, არსებულ არასტაბილურ გარემოში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად, შიგნით თუ გარეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერის გზით. ასე შევძლებთ განვითარების, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. გიდასტურებთ აღნიშნულ საკითხებზე თქვენთან თანამშრომლობისა და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების მზაობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.