შალვა პაპუაშვილი - სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს, სასაცილოა, სოზარს ანტიდასავლურობა დააბრალო
სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის წარმომადგენელს თუ სამოქალაქო სექტორის ზოგიერთ აქტივისტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასულ სამ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სოზარ სუბარს ქვეყანაში ბევრი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული.
„ეს სამი ადამიანი გავიდა „ქართული ოცნებიდან“. რატომაც დატოვეს პარტია, სწორედ ამას აკეთებენ. უნდათ, რომ მეტი განცხადებები თუ შეფასებები აკეთონ. არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან, რა თქმა უნდა, არ არის. სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის წარმომადგენელს თუ სამოქალაქო სექტორის ზოგიერთ აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს. საუბარი, თითქოს რაღაც ანტიდასავლური კამპანიაა, სასაცილო და არასერიოზულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარტიის რიგებისა და თანამდებობების დატოვებას, პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ეს ადამიანებიც სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მოსაზრებებს იზიარებენ.
„რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, მათ ზუსტად იგივე მოტივაცია ჰქონდათ, რაც ჩვენს სამ კოლეგას. ამ მოტივაციაში შეუერთდნენ. ვფიქრობ, ჩვენი სამი კოლეგის განცხადებები იქნება თუ საკრებულოს წევრების, არის ღია საუბრის, დისკუსიისა და დიალოგის საჭიროების დანახვა, როგორც ჩანს. ესეც დემოკრატიული დისკუსიის ნაწილია. ადამიანის შეფასებების დისკრედიტირება არადემოკრატიულია. მათ აქვთ საკუთარი აზრი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.