შალვა პაპუაშვილი - სკანდინავიის ქვეყნებში შეხვედრებზე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით სრული მხარდაჭერა დაგვიდასტურეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ნორვეგიულმა მხარემ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნორვეგია საქართველოს მხარს უჭერს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.
„სკანდინავიის ქვეყნების ვიზიტის პირველი ეტაპი დღეს სრულდება. ნორვეგიის ხელისუფლებასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე ნორვეგიის მეფესთან – ყველა ამ შეხვედრაზე კვლავ დაგვიდასტურეს ნორვეგიის სრული მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ტრადიციულია, რომ ნორვეგია ამ თვალსაზრისით საქართველოს მხარს უჭერს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. ნორვეგია არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც ინტენსიურადაა ჩართული საქართველოს, ქართული ჯარის განვითარებაში. ამ მხრივ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თაბმჯდომარის განცხადებით, მადრიდის სამიტზე საქართველო ნატო-სგან მკაფიო გეგმას და გზავნილებს ელოდება.
„მადრიდის სამიტის წინ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი გზავნილები წამოვიდეს მადრიდის სამიტიდან. ჩვენ ახლა ველოდებით მკაფიო გეგმას და გზავნილებს ნატო-სგან, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი. ეს ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რათა დაინახოს სოლიდარობა ნატო-ს მხრიდან. ასევე ეს მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, რათა ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან დაინახონ ინტერესი ჩვენს რეგიონში. ამიტომ, იმედით ვუყურებთ მადრიდის სამიტს. იმედი გვაქვს, ნატო იქნება მკაფიო თავის გადაწყვეტილებებსა და პოზიციებში.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კითხვებს, სამწუხაროდ, ჩვენ იმ რეალობაში ვცხოვრობთ, როცა ჩვენი ოპონენტების ნაწილი ცდილობს, შიდა პოლიტიკური საკითხები გახადონ საგარეო პოლიტიკის ნაწილად და აქციონ თემად, რომელიც გარე ასპარეზზე განიხილება. ჩვენ გვქონდა სხვადასხვა საკითხზე საუბარი, მათ შორის ნატო-ს პერსპექტივიდანაც თუ შევხედავთ, ინსტიტუციური განვითარება არის ნაწილი ნატო-სთან ჩვენი დაახლოებისა. საუბარი იყო საპარლამენტო გეგმებზე სხვადასხვა რეფორმის კუთხით. ვფიქრობ, სრული ინფორმაცია მიიღებს პარტნიორებმა, თუ რა გეგმები აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.