შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ ბანერებზე ისტერია იმიტომ დაემართათ, რომ საკუთარ დანაშაულს ჩახედეს თვალებში
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბანერები იყო, რაც ჩვენ გვაქვს და ყველამ უნდა შეხედოს ამ ფოტოებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ამ ქვეყანას უბიძგებდნენ იმ სცენარისკენ, რასაც ჩვენ იმ ბანერებში ვხედავთ. სინამდვილეში, ეს ისტერია ამ ბანერებზე იმიტომ დაემართათ, რომ საკუთარ დანაშაულს ჩახედეს თვალებში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ახალ ბანერებთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ასეთი სურათები არა მხოლოდ უკრაინაში, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს საქართველოში. კარგად იცის ქართველმა ხალხმა, რას ნიშნავს დანგრეული სკოლაც, რას ნიშნავს დანგრეული გზაც და დანგრეული ხიდიც“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ბანერებთან დაკავშირებით უკრაინის წარმომადგენლების შეფასებებსაც გამოეხმაურა და გაიხსენა თავის დროზე მათი მოწოდებები რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით.
„ვინ გვიბიძგებდა ამ ომისკენ? 2022 წლის თებერვალში და მარტში აქციები ხომ გახსოვთ. ვინ ატარებდა ამ აქციებს?! ამ აქციებს მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც თქვენი ტელევიზიები ეკუთვნის, ამ აქციებს მართავდნენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, ამ აქციაზე იდგა მაშინდელი სახალხო დამცველი, ამ აქციებში ერთვებოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები, ხომ გახსოვთ? მეორე, გაიხსენეთ რას ითხოვდნენ ამ აქციებზე. ითხოვდნენ, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა ომში. გახსოვთ აეროპორტში რომ ისხდნენ და გაუშვითო იძახდნენ, გახსოვთ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ რომ მოუწოდა ქართველ ხალხს, მიდით პარლამენტის შენობასთან და მოსთხოვეთ თქვენს ხელისუფლებას, რომ გამოაგზავნოს მოხალისეები ჩვენს ომში საომრადო? დღეს რომ უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ჩვენს ომს თქვენს პოლიტიკურ დებატებში ნუ რევთო, რატომ ჩარიეს თავის დროზე, რომ ითხოვდნენ, გამოაგზავნეთ ქართველები აქ უნდა იომონო.
მეორე, გახსოვთ, რას ითხოვდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა და შევერთებოდით ევროკავშირის სანქციებს?! ამას ითხოვდნენ 2022 წლის მარტში. მესამე, ითხოვდნენ საზღვრების დაკეტვას, ითხოვდნენ ცის დაკეტვას და ა.შ. როცა ითხოვ სანქციებს, როცა ითხოვ სამხედრო მებრძოლების გაგზავნას ომში, რომელმა ქვეყანამ გააგზავნა ოფიციალურად თავისი მოქალაქეები ომში? ჩვენგან რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს. აი, ეს იყო ზუსტად, რომ ჩვენ წიხლით გვტენიდნენ ომში. ის თქვენი ტელევიზიების მფლობელები, ის ოპოზიცია, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამის ნაწილი იყვნენ. ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ამბობდა, რომ სირცხვილია, რომ სანქციებს არ ვაწესებთო, სირცხვილია, რომ მოხალისეებს არ ვუშვებთო, სირცხვილია, რომ საზღვრებს არ ვკეტავთო. ამას მირჩევნია ბომბების წვიმა იყოს რუსთაველზეო, ამას ამბობდა. ამიტომ, სინამდვილეში ეს ისტერია ამ ბანერებზე იმიტომ დაემართათ, რომ საკუთარ დანაშაულს ჩახედეს თვალებში. იმ ოპოზიციას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გვიბიძგებდნენ ზუსტად იმ სცენარისკენ, რაც მოხდა უკრაინაში. ასე რომ, თავის დანაშაულს უყურებენ თვალებში და იმიტომაც აქვთ ეს რეაქცია და ასე უნდა იყოს. ყოველდღე უნდა შეხედონ, რისკენ გვიბიძგებდნენ ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, მოხალისეების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას, საზღვრების ჩაკეტვას და რომლებიც დღესაც ამას აკეთებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.