შალვა პაპუაშვილი - შვიდი თვე გავიდა, რაც მოსამართლეებს შეუზღუდეს ვიზები, ერთი თვე გავიდა, რაც ფარცხალაძის მიმართ დაწესდა სანქციები, არც ერთ შემთხვევაში მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ასევე შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოსამართლეებ სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და შვიდი თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „იმედით ვუყურებთ აშშ-ის ახალ ელჩს და მის მოღვაწეობას, რომელიც მან დაიწყო საქართველოში, იმედია, ისიც გაერკვევა ამ საკითხებში“.
„ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია, ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია, მოქმედებს ამ პლანეტაზე და მოქმედებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, ამიტომაც ჩვენმა სახელმწიფომ მიმართა აშშ-ს სამ სხვადასხვა უწყებას, პროკურატურამ მიმართა იუსტიციის დეპარტამენტს, ცალკე მიმართვა იყო სხვა უწყებებიდან, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან, მიმართვები იყო აშშ-ის შესაბამის ინსტიტუტებთან, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის საჯაროდაც აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს და იქით იკითხეს, რამე ინფორმაცია ხომ არ აქვს შემთხვევით საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მეორე, შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ, ვგულისხმობ მოსამართლეებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და შვიდი თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ისაუბრა ამაზე მათ შორის საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების შემთხვევაში, არც ოთარ ფარცხალაშის შემთხვევაში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.
ყველა ამ კითხვაზე და საკითხზე, ჩვენ გვქონდა შიგნით, დახურულ ფორმატში საუბარი. მათ შორის ოპოზიციაც ზუსტად ამ კითხვებს სვამდა და რა თქმა უნდა, როდესაც ბრალი არ აქვს წაყენებული ადამიანს, მას ვერ შეუზღუდავ ვერანაირად გადაადგილებას. მათ შორის ჩვენ „კანვასის“ შემთხვევაშიც, იცით ტრენერები იყვნენ, ესეც ძალიან მძიმე მუხლი არის და არც მათთვის შეუზღუდავს ვინმეს, რომ დაეტოვებინა ქვეყანა. შეიძლება, აღმოჩნდეს შემდეგ, რომ ბრალი არის წასაყენებელი და მათ დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა. ასე არის სტანდარტი.
შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოსამართლეებისთვის მოხდა სავიზო შეზღუდვის დაწედება. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ მოხდა გარკვეული სანქციების დაწესება. არც ერთ შემთხვევაში არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, ამ მხრივ უკვე კითხვები აღარ არსებობს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. ერთადერთი კითხვა, რაც დარჩა – რა იყო მოტივაცია ამ გადაწყვეტილების მიღების. არ ვიცი, არ მინდა, მე ამ საკითხზე რაიმე სპეკულირება. ჩვენ იმედით ვუყურებთ აშშ-ის ახალ ელჩს და მის მოღვაწეობას, რომელიც მან დაიწყო საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ისიც გაერკვევა ამ საკითხებში და ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუკი აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც დაწესებული აქვს საქართველოს ოთხ მოქალაქეზე, მოხსნიდა, გამომდინარე იქედან, რომ შვიდი თვე გავიდა და ფაქტია, რომ არც თავად აშშ-ს აქვს პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებებია, არც ჩვენს მოქალაქეებს ამაზე რაიმე პასუხი არ მიუღიათ. ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი, რომელიც იქნებოდა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი. ამიტომ, მე ამ იმედით ვუყურებ ამ პროცესს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.