შალვა პაპუაშვილი შვიდი ქვეყნის სპიკერებს - ვინაიდან საკითხი თქვენს გადასახადის გადამხდელებსაც ეხებათ, იქნებ გამოიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები, შეისწავლოთ საკითხი და დაფინანსების მიზნობრიობა
მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხება, მოხარული ვარ, მოგაწოდოთ მეტი დეტალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაგარწმუნოთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფარული საგარეო ჩარევის საფრთხეების ფონზე საქართველოს, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, არ აქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება, მისი თქმით, პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
„ყველა თქვენი ქვეყნის მსგავსად, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ეს ასეა როგორც საფრანგეთში, ისე დიდი ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვაგან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. თუ არამომგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი – მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს არამომგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ამ ძირითადი აქტორის ფინანსური გამჭვირვალობა საბაზისო პრინციპია“, – ნათქვამია წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარე წერილში ასევე საუბრობს „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება. მისი თქმით, ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე.
„ძვირფასო პარლამენტების თავმჯდომარეებო, აღნიშნული პრობლემა საქართველოში მსოფლიოს ყველა წერტილიდან მომდინარეობს. თუმცა, ვინაიდან თქვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენთ, ნება მომეცით, თქვენთვის შესაბამის ერთ-ერთ მაგალითზე, „ევროპის დემოკრატიის ფონდზე“ გავამახვილო ყურადღება. ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროპელი, მათ შორის, ფრანგი, ჩეხი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჰოლანდიელი და პოლონელი გადასახადების გადამხდელების მიერ. გასულ წელს მრავალი მცდელობის მიუხედავად, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ საზოგადოებისადმი გამჭვირვალობა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ხარვეზების არსებობისა და ლეგიტიმური წუხილის აღიარების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, ვაგრძელებთ სხვადასხვა ფარული სქემის აღმოჩენას, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება, პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება. ეს პრაქტიკა უხეშად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციის ძირითად პრინციპებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ხმამაღალი განცხადებები და ემოციები გამოიწვია, მაგრამ არავის გამოუთქვამს ამ პროცესში საჭირო ერთადერთი რამ, მზაობა გამჭვირვალობაზე. ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე თქვენი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ასე რომ, საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.