შალვა პაპუაშვილი - შვეიცარიაში შეხვედრებზე ვისაუბრეთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, პროექტებზე, რომლებსაც შვეიცარია საქართველოში ახორციელებს.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო, როგორ უმკლავდება საქართველო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.
„შვეიცარიის კონფედერაციაში დელეგაცია შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტთან, ზედა პალატის თავმჯდომარესთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლებთან. საპარლამენტო დონეზე საუბარი იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობაზე, მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობაზე, იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მხრივ. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რაც საქართველოში არსებობს. ვისაუბრეთ, საქართველო როგორ უმკლავდება რეგიონში არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია. განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან საუბარი გვქონდა მიმდინარე პროექტებზე, რომლებსაც შვეიცარია საქართველოში ახორციელებს. ჩვენი მხრიდან გამოითქვა სურვილი და მზაობა, რომ შემოქმედებით პროცესში, როცა საქმე ეხება სტანდარტებთან დაახლოებას, შვეიცარიის მხრიდან საექსპერტო ჩართულობას მივესალმებით, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც ეხება გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, პროფესიულ განვითარებას. შვეიცარიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ როლს, რასაც ის ასრულებს საქართველოში და, პრინციპში, ამით მთლიანად რეგიონში, როგორც მხარე, რომელიც ჩართულია რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შვეიცარიულ მხარეს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერისთვის.
„იცით, რომ ჟენევის ფორმატი ერთადერთი ფორმატია, სადაც არის შესაძლებლობა, საქართველო რუსეთს ესაუბროს, მათ შორის დეოკუპაციის საკითხებიც დააყენოს. ამიტომ, ამ მხრივ შვეიცარია თავის როლს სერიოზულად უყურებს. მადლობა გადავუხადე მათ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც, წლებია, იჩენენ, და განსაკუთრებით იმ როლისთვის, რასაც უსაფრთხოების განმტკიცების მხრივ შვეიცარია უზრუნველყოფს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობას.
„ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ინტენსიური ურთიერთობების საკითხებზე, განსაკუთრებით, ეს ეხება პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობას. ამ მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ იყოს პირდაპირი ფრენები, რაც, რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიურს და ხელმისაწვდომს გახდის ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნებში ჩასვლას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი.