შალვა პაპუაშვილი - შოვში ორი ახალი გზა მოეწყო, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკის გადაადგილებისთვის, ასევე ცოცხალი ძალისთვის, მაშველები, ჩვენი სამხედროები მუშაობენ ძალიან ინტენსიურად
18 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, 12 არის იდენტიფიცირებული, ახლაც გაემართნენ ახლობლები ქუთაისში, პროზექტურაში ამოცნობის ღონისძიებებისთვის, მიმდინარეობს 18 ადამიანის ძებნის ოპერაცია, ხიდია უკვე მოწყობილი, ბევრი ტექნიკაა ჩართული, ასევე მაშველები, ჩვენი სამხედროები მუშაობენ ძალიან ინტენსიურად, რომ იპოვონ ყველა დაკარგული პირი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მოეწყო რამდენიმე ხიდი, გაიჭრა ახალი გზები, რომ მაშველებმა და ტექნიკამ შეძლონ სამძებრო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება.
„ორი სრულად ახალი გზა მოეწყო, ჭანჭახის მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა ახალი გზა, ვინაიდან მარჯვენაზე, სადაც იყო გზა, დაიტბორა. მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა დაახლოებით 700 მეტრის ახალი გზა და მივიდა ე.წ. კალცის წყლის წერტილამდე, იქაც მიდის ძებნა, ვინაიდან იქ, როგორც წესი, იყო დამსვენებლების ან ტურისტების შეკრების ადგილი. ასევე, კურორტის გარშემო ახალი გზა გაიჭრა, დაახლოებით 1,2 კმ სიგრძის, რომელიც თავისთავად ტექნიკის გადაადგილებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, ასევე ცოცხალი ძალისთვის, რომ ყველა მხრიდან იყოს მუშაობა. მაშინ როდესაც ხდება გარდაცვლილების ძებნა, იდენტიფიცირება, ეს გარკვეულწილად არის მათთვის მნიშვნელოვანი, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრების დატირება ფიზიკურად შეძლონ. ასე რომ, მიმდინარეობს სამუშაოები და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა სამსახურს, რომელიც დაუღალავად არის ამ პროცესში ჩართული, ღამითაც მუშაობს ყველა. ასაკობრივ ჯგუფზე მე ზუსტად ვერ გეტყვით. დღეს ნაპოვნია გარდაცვლილი და ამოიცნო მისმა მამამ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა ასეთი სურათების ნახვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.