შალვა პაპუაშვილი - შოვში მომხდარზე წინასწარი დასკვნები ცნობილია, საუბრები, რომ მდინარეში ორი დღე წყალი იყო დაწეული, თითქოს მთაში იყო ზვავსაშიშროება, აბსოლუტური ტყუილია
ეპიცენტრში გეოლოგები კვლავ მუშაობენ, ყველანაირი მონაცემები უმეტესწილად შეგროვებულია, ჯერ კიდევ გუშინ შეფრინდნენ ტერიტორიაზე, სადაც მყინვარია და მოხდა როგორც ვიზუალური დათვალიერება, ისე ფოტოგადაღება, ასევე სხვადასხვა მონაცემის აღება, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან სატელიტური სურათების აღება, რომელსაც მაღალი გარჩევადობის ფოტოები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა.
კითხვაზე, – „როდის გვეცოდინება დასკვნის შესახებ, რა პრევენციული ღონისძიებების მიღება იქნება საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი სტიქიური უბედურებები?“ – პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დასკვნა მალე იქნება.
„წინასწარი დასკვნები, პრინციპში, ცნობილია, მათ შორის დეზინფორმაციების უარსაყოფად, რომელიც კვლავ „მთის ამბების“ მიერ იყო აწეული, თითქოს ამ მდინარეში ორი დღის განმავლობაში წყალი იყო დაწეული, მთაში ზვავის ფორმირება იყო და შემდეგ წამოვიდა, რაც აბსოლუტური ტყუილია. მეცნიერულ დონეზე დადასტურებული ტყუილი, ვინაიდან არსებობს სენსორები მდინარე ჭანჭახზე, რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი და რამდენიმე მეტრში ამ შენაკადიდან არის სენსორები. ის აჩვენებს ბოლო თვის მონაცემებს, რომ არანაირი ცვლილება წყლის დონეში არ იყო. ანუ შენაკადი, რომელიც ჭანჭახის 30 პროცენტს ქმნის, იქ რომ წყალი დამშრალიყო, წყალიც დაიწევდა.
რაც შეეხება მიზეზებს, ამას შესაბამისი სპეციალისტები უკეთ ახსნიან, როდესაც საბოლოო დასკვნა ექნებათ. პირველადი მონაცემები, რაც შეიძლება ითქვას, არის მყინვარის მოწყვეტის შედეგი. ამ ტერიტორიაზე ყინულის რამდენიმე ლოდიც არის. იქ რაიმე ასეთი სტიქია რომ მოხდეს, ამის საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება მიზეზებს, ვნახეთ, პერიმეტრის ზემოდანაც ვიყავით ტყეში შესული და იქ ჩანს მთელი კალაპოტი, როგორ აქვს წამოღებული, ხეები, ქვები, რაც იყო, ყველაფერი წამოღებული აქვს ამ სტიქიას. საუბარია რამდენიმე წუთზე, როდესაც ეს ჩამოყალიბდა და შემდეგ სტიქიად იქცა. მაგალითად, იმ მომენტიდან, როდესაც მოწყდა მასა და დაიძრა შოვის კურორტისკენ. წუთების ამბავია, ალბათ სამი წუთი შეიძლება, დასჭირდეს ბოლო წერტილამდე. თვითმხილველებიც ამას ამბობენ, რომ ეს ყველაფერი წამებში მოხდა. ეს არ არის ღვარცოფი ან სხვა სახის მოვლენა, რომელიც შეიძლებოდა, ასე ყოფილიყო მეტყველების საგანი. ახსნეს კიდეც სპეციალისტებმა, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ერთ მომენტში მოხდა და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. სხვა მხრივ, დღეს რისკები არ არსებობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რაიონულ ცენტრს არავინაა მოწყვეტილი.
„კურორტი შოვი არ გახლავთ დასახლებული პუნქტი, ეს არის საკურორტო ზონა, შესაბამისად, ბოლო სოფელი არის გლოლა. იმის იქით უკვე სოფლები აღარ არის. გლოლას არ შეხებია ეს სტიქია, შესაბამისად, მოწყვეტილი არავინაა. ერთადერთი, ამ ადგილის იქით მხოლოდ ჩვენი მესაზღვრეები არიან, ვისთან კომუნიკაციაც ვერტმფრენის მეშვეობით არის შესაძლებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.