შალვა პაპუაშვილი - შოვის ტრაგედიამ შეგვახსენა, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი, როცა დიდი ტრაგედიები ხდება
ის, რაც ჩვენ ვნახეთ რაჭაში, შოვში, დიდი ადამიანური ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ბუნებისთვისაც დიდი კატასტროფა. ერთი რამ შეგვახსენა შოვის ტრაგედიამ, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა, დახმარება და ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი, როდესაც ასეთ დიდი ტრაგედიები ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო შოვში, ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლაში, უპრეცედენტო სამუშაოს შესრულებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს, სამხედროს, ექიმს, პოლიციელს, მძიმე ტექნიკის ყველა ოპერატორს. ვხედავდით ჩვენ, რომ უპრეცედენტო სამუშაო იქნა გაწეული იქ, რათა მომხდარიყო თავის დროზე მისასვლელი გზების აღდგენა, რათა მაშველებს სრულფასოვნად ემუშავათ.
იმედი გვაქვს, რომ ასეთი კატასტროფები აღარ განმეორდება, თუმცა კლიმატი იცვლება, ბუნება უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ასეთი კატასტროფებისთვის. ის, რაც შეგვიძლია განვჭვრიტოთ წინასწარ, განვჭვრიტოთ, მაგრამ თუკი ეს კატასტროფა თავს დაგვატყდება, მზად დავხვდეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს, ოპოზიციას, უმრავლესობას, შინაგან საქმეთა მინისტრს საგნობრივი დისკუსიისთვის.