შალვა პაპუაშვილი - შობის დღე გვახსენებს, რამდენად ვუყვარვართ უფალს, გვახსენებს, რომ ჩვენი სული უკვდავია და მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა აღმოვაჩინოთ ღმერთი ჩვენს გულში
სრულიად ქრისტიანულ სამყაროს ვულოცავ შობას, ეს დღე გვახსენებს, რამდენად ვუყვარვართ უფალს, გვახსენებს, რომ ჩვენი სული უკვდავია და მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა აღმოვაჩინოთ ღმერთი ჩვენს გულში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„სრულიად საქართველოს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს ვულოცავ შობას! სიყვარული და სიკეთე ყოფილიყოს ყველას გულში, ყველას ოჯახში. ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად ვუყვარვართ ჩვენ უფალს, გვახსენებს, რომ ჩვენი სული არის უკვდავი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანმა აღმოვაჩინოთ ღმერთი ჩვენს გულში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი, მათ შორის, მშვიდობის მნიშვნელობას. ყველა ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რამდენად უფსკრულის პირზე დგას სამყარო ომებით, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით უნდა ჰქონდეს ყველას გაცნობიერებული, თუ რამდენად მოსაფრთხილებელია მშვიდობა და რამდენად ახლოსაა არასტაბილურობა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს იმ უბედურებად, რომელიც ჩვენს რეგიონში ტრიალებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანია, რომ ომები, რომლებიც მიმდინარეობს, დასრულდეს“, – აცხადბს პაპუაშვილი.
საშობაო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.