შალვა პაპუაშვილი - შესწორების ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებიც აკნინებენ ევროსაბჭოს რეზოლუციის მნიშვნელობას
შალვა პაპუაშვილი - შესწორების ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებიც აკნინებენ ევროსაბჭოს რეზოლუციის მნიშვნელობას

შესწორების ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებიც აკნინებენ ევროსაბჭოს ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრჩხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მოხვედრილი რეზოლუციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საქართველო თანაავტორი იყო ამ რეზოლუციის და სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც თავად ამ რეზოლუციასაც გარკვეული ხინჯი მიაყენა იმით, რომ რეზოლუცია, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას და უკრაინას, შემოიტანეს ვიწროპოლიტიკური და პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი იყო. ასევე, როცა IPU-ის ასამბლეაზე საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერი იყო. ამ შესწორების ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებიც აკნინებენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრჩხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მოხვედრილი რეზოლუციაში. თავად რეზოლუციას არათუ ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, არამედ თანაავტორები ვიყავით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:

„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.