შალვა პაპუაშვილი - შარშან პარტიებმა შემოწირულობით, საბიუჯეტო დაფინანსებით, ჯამში, 12-ნახევარი მილიონი ლარი მიიღეს, თუ ავიღებთ არასამთავრობოთა დაფინანსებას, 12 მილიონს ალბათ ოთხი მათგანის ბიუჯეტი ეყოფა
შარშან ყველა პარტიამ ერთად, ჯამში, შემოწირულობებით და საბიუჯეტო დაფინანსებით 12-ნახევარი მილიონი ლარი მიიღო. საქართველოში ოთხი „ენჯეო“ იღებს ამდენ დაფინანსებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როდესაც ინტერესია პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით, ეს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ხდება, რაც მისასალმებელია.
მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების შესახებ, რომლებიც, ჯამში, პოლიტიკურ პარტიებზე გაცილებით დიდ ფინანსებს იღებენ.
„ეს ნიშნავს, რომ გამჭვირვალობა კარგია, როგორც აღმოჩნდა. როდესაც პარტიებს შეეხება ყველა, მათ შორის, ეს ორგანიზაცია სიამოვნებით ათვალიერებს და ინტერესდება რა ფინანსური წყაროებია. რატომ ინტერესდება? რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკის მონაწილენი, ვიღებთ გადაწყვეტილებების ფორმირებაში მონაწილეობას და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს გამჭვირვალე. პირველი – ისინი თავიანთი კვლევით აჩვენებენ, რომ მნიშვნელოვანია მათი გამჭვირვალობაც იყოს; მეორე – მანიპულაციური მიბმა, რომ რაღაცა რაღაცას უკავშირდება, ეს ყველას შეუძლია. მე ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი. თუმცა, საინტერესო რა არის – ვნახე, რომ 2022 წელს მთლიანად საქართველოში არსებული პარტიების შემოწირულობა, თუ არ ვცდები, 750 000 ლარი იყო. ამას ემატება საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც არის წელიწადში ყველა პარტიაზე, ჯამში, 12 მილიონი. ანუ, შარშან ყველა პარტიამ ერთად, ჯამში, შემოწირულობებით და საბიუჯეტო დაფინანსებით, 12-ნახევარი მილიონი ლარი მიიღო. საქართველოში ოთხი „ენჯეო“ იღებს ამდენ დაფინანსებას. თუკი ავიღებთ ჩვენ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას, ალბათ ოთხი „ენჯეოს“ ბიუჯეტი ეყოფა, რომ შეადგინოს 12 მილიონი. დღეს, როდესაც ტარდება კვლევები, თუ საიდან არის პარტიების შემოწირულობები და ხარჯები, კარგია. ისინი სწორად ინტერესდებიან, რადგან ისინი მოქალაქეების ინტერესს აკმაყოფილებენ, ასეთივე ინტერესი აქვთ მოქალაქეებს იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებზე უფრო დიდი ბიუჯეტი და დაფინანსება აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.