შალვა პაპუაშვილი - შალვა ნათელაშვილს არ სურს, რაიმე შედეგი ჰქონდეს მოლაპარაკებას
შალვა ნათელაშვილს არ სურს, რაიმე შედეგი ჰქონდეს მოლაპარაკებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ქმედება შალვა ნათელაშვილის სტილია.
„შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებების დატოვების მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე ნიკა მელია არის წინასწარ პატიმრობაში. თავად “ნაციონალურ მოძრაობას” მოლაპარაკება არ დაუტოვებია და “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე ამას რატომ იღებს ასე ემოციურად, ვერ ავხსნი. ამიტომ, თავს უფლებას მივცემ, ეჭვი გამოვთქვა, რომ ეს არ არის მიზეზი მოლაპარაკება რატომაც დატოვა. მას არ სურს, რაიმე შედეგი ჰქონდეს მოლაპარაკებას. სხვათაშორის, ფასილიტაციის დროსაც მგონი ის იყო პირველი, ვინც მოლაპარაკების რაუნდიდან გამოდიოდა, სავარაუდოდ, ეს მისი სტილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.