შალვა პაპუაშვილი - სერიოზული საუბარი გვექნება დონორებთან, იქნება ეს ორგანიზაცია თუ საელჩო, რომელთა მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს
29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, თუ არ გვინდა, რომ „ენჯეოების“ ხელით დონორებმა მართონ ეს ქვეყანა, – ამის შესახებ საქქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სერიოზული საუბარი ექნებათ იმ დონორებთან, „რომელთა მიერ დაფინანსებული „ენჯეოებიც“ ქართველებს რუსებს ეძახიან“.
„რეალურ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, მთლიანად გვაჩვენებენ თავიანთ სახეს. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“, რადიკალური ენჯეოჯგუფის განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, შემდეგ კიდევ სწყინთ და ამბობენ, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია, ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, 29 აპრილს ვინც მიხვალთ, ყველა რუსები ხართო? ამაზე „ენჯეო“ რომ აკეთებს განცხადებას, მთლიანად აჩვენებს თავის სახეს. სინამდვილეში, ზუსტად ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ „ენჯეოების“ ხელით მართონ საქართველო, მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ, ასეთი ეპითეტებით შეამკონ ქართველი ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29 აპრილს ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი, თუ არ გვინდა, დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც უკვე რუსებს გვეძახიან. ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავიანთ „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს ამ „ენჯეოების“ პირით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, იქნება ეს ორგანიზაცია თუ საელჩო, ყველასთან, ვინც აფინანსებს „ენჯეოებს“, რომლებიც ჩვენ, ქართველ ხალხს, გვეძახიან რუსებს. ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 29 აპრილს შეკრებაზე უნდა მივიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი, არ იყოს „შავი ფული“. მისივე თქმით, შეკრებაზე მისვლას არავინ არავის აიძულებს.
„29 აპრილს არის ქართველი ხალხის შეკრება. არაფერი კონტრაქცია ეს არ არის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, ბიზნესმენიც და საჯარო მოხელეც, ყველა გამოვიდეს და საბოლოო წერტილი დავუსვათ ყველანაირ მცდელობას, უცხოური ფულით იმართებოდეს ქართული სახელმწიფო. ეს არის ქართველი ხალხის სახელმწიფო, რომელიც იმართება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით და „შავი ფული“, რომელიც ტრიალებს არასამთავრობო სექტორში, უნდა დასრულდეს, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისი ხელისუფლების და ძალაუფლების განხორციელების საშუალება. რა იძულება უნდა, როდესაც შეკრება ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ეხება იმას, ვინ მართავს ამ ქვეყანას – ქართველი ხალხი თუ სხვები? ამას ეხება საკითხი და 29 აპრილს ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე გამოვა რუსთაველზე, თავის სათქმელს ეტყვის ყველას, ვინც ცდილობს, ქვეყანა იმართოს არა ქართველი ხალხის, არამედ სხვადასხვა ჯგუფის მიერ. ვისაც არ სურს, ის არც უნდა მოვიდეს. ვისაც სურს, ის უნდა მოვიდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. უნდა მოვიდეს ის, ვისაც სურს, ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი, არ იყოს „შავი ფული“. ვისაც სუვერენიტეტი არ სურს და უნდა, რომ „შავი ფული“ იყოს, გასაგებია, რომ ის არ მოვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გამჭვირვალობის კანონპროექტის შემდგომ განხილვებთან დაკავშირებით, რაზეც მან აღნიშნა:„პლენარული სხდომა ვერ იქნება ორშაბათს, ის იქნება სამშაბათს. მომავალ კვირაში იქნება საკომიტეტო განხილვები. სესია არის სამშაბათს, 30 აპრილს“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით მეორე მოსმენის დროს ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, ხოლო როცა ძალადობაზე გადადის პოლიტიკოსი, ეს აჩვენებს, რომ საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს ევროპა.
„დასაპირისპირებელი რა არის, თუ აქვთ რაიმე არგუმენტი კანონპროექტთან დაკავშირებით, შეუძლიათ, ეს არგუმენტი წარმოადგინონ. ვინმე თუ აპირებს ძალადობას, მოძალადეები თუ არიან პარლამენტში და სურთ, ასე იმოქმედონ, ესეც ხომ სახე არის. ევროპის სახელით როცა ძალადობაზე გადადის პოლიტიკოსი, ეს აჩვენებს, რომ საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს ევროპა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.