შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ფილტრი, როდესაც დააკვირდება პოლიტიკური ჯგუფების შემოთავაზებულ გადაწყვეტილებებს, გვაახლოებს თუ არა ეს გადაწყვეტილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკურ ზრდასთან
ჩვენ ვისწრაფვით ძლიერი ევროპული სახელმწიფოსკენ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვისწრაფვით ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც იქნება ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის მოამბეს“ განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის საკითხების ხაზგასმა ემსახურება იმას, რომ არ დავივიწყოთ, რა არის უმთავრესი ეროვნული ამოცანები.
„ბევრი საკითხია დღეს პოლიტიკაში, რაც განიხილება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს მთავარი მიზნები, რომლებიც გვაქვს. არის ეროვნული ამოცანები – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება. საბოლოო ჯამში, ეს არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერია ის სახელმწიფო, რომელიც იცავს საკუთარ საზღვრებს და ძლიერია ის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეების კეთილდღეობაც არის უზრუნველყოფილი. ეს არის მთავარი. სხვა დანარჩენი არის პოლიტიკა, ამოცანები, ინსტრუმენტები, რომლებიც ემსახურება ამ მიზნებს. და პირიქით, ის პოლიტიკა, ის ინსტრუმენტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ მიზნებს ან გვაშორებს ამ მიზნებისგან, არ არის სასარგებლო. ამიტომ ჩვენი სამიზნე და ორიენტირი არის აბსოლუტურად ცხადი და მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს სიცხადე არ დაკარგოს. არის ხოლმე საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანის, სხვა თემების შემოტანის მცდელობები და ჩვენ ეს სიცხადე არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ ვართ თაობა, რომლებიც მოვესწარით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ყველას გვახსოვს, რა იყო ჩვენი მაშინდელი ორიენტირი, ეს იყო ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს ორიენტირი არ უნდა დავკარგოთ. უნდა ვიაროთ იმ სულისკვეთებით, რომელიც 9 აპრილის გმირებს, მაშინ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ თანამოქალაქეებს ჰქონდათ. მთავარი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კეთილდღეობის გაზრდა, რათა გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო ათ წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გზა, რომელსაც ქვეყანა ადგას, არის შერიგებისკენ.
„ვერცერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო. ყოველ რამდენიმე წელიწადში იყო კონფლიქტების გამწვავება და ხანდახან ომში გადაზრდაც. ბოლო ათი წელია, საქართველო ურყევად არის ეკონომიკური ზრდის გზაზეც და ესეც ემსახურება ამ მიზნებს. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ამ ფილტრს გადის, ამა თუ იმ გადაწყვეტილებით ჩვენ ვუახლოვდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კეთილდღეობის ამაღლებას თუ ვცილდებით. აიღეთ ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საჯარო განხილვის საგანი იყო და სწორედ ამ პრიზმით შეხედეთ – ყველა დარწმუნდება. მაგალითად, სანქციების დაწესება რუსეთისთვის ჩვენ დაგვაახლოებდა ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდასთან თუ დაგვაშორებდა, დაგვაახლოებდა თუ დაგვაშორებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან? ამიტომ ქართულ საზოგადოებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ორი მთავარი ფილტრი, როდესაც დააკვირდება პოლიტიკური ჯგუფების მიერ შემოთავაზებულ გადაწყვეტილებებს – ეს გადაწყვეტილება გვაახლოებს თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ეკონომიკურ ზრდასთან. ჩვენ ვისწრაფვით ძლიერი ევროპული სახელმწიფოსკენ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვისწრაფვით ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც იქნება ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.