შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ნებისმიერ საქმეზე უნდა შეხედონ ფაქტებს და არა იმას, როგორი აღქმა და წარმოდგენა აქვთ
საქართველოში არის სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეები, რომლებსაც უნდა შევხედოთ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, ოპონენტებმა თავი უნდა დაანებონ აღქმებზე მუშაობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „მემორანდუმის საფუძველზე გათავისუფლდა მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი. სხვების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, რაც არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ნებისმიერ საქმეზე უნდა შეხედონ ფაქტებს და არა იმას, როგორი აღქმა და წარმოდგენა აქვთ.
„რაც შეეხება ზოგადად სხვა სამართალწარმოებებს, საქართველო აგრძელებს ცხოვრებას. არის სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეები და ა.შ. რასაც უნდა შევხედოთ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში. აღქმაზე მუშაობდნენ ჩვენი ოპონენტები. უნდა დაანებონ ამას თავი. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ასეთი მცდელობები.
ჩვენმა საზოგადოებამაც უნდა შეხედოს ნებისმიერი საქმის ფაქტებსა და შინაარს – იქნება ეს მიმდინარე, თუ მომავალში არსებული საქმე. ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკოსები უნდა შეეჩვიონ, რომ შეხედონ ფაქტებს და არა იმას, თუ როგორი აღქმები აქვთ და როგორია მათი წარმოდგენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.