შალვა პაპუაშვილი - საწყენია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემს კომიტეტში მოადგილეობის სურვილი არ აქვს
საწყენია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემს კომიტეტში მოადგილეობის სურვილი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მათ პრიორიტეტებზეც კარგად მიუთითებს.
„ჩემთვის ყველაზე საწყენი იყო, რომ როგორც აღმოჩნდა, ჩემს კომიტეტში, განათლების და მეცნიერების კომიტეტში „ნაციონალურ მოძრაობას“ მოადგილეობის სურვილი არ აქვს. ეს მათ პრიორიტეტებზეც კარგად მიუთითებს, რომ განათლება და მეცნიერება მათ არ აინტერესებთ. ეს ისე, ნახევრად სერიოზულად.
რაც შეეხება, სერიოზულად, როგორც ისინი ნახევარი ფეხით კოჭლად შემოვიდნენ, აი, ასე კოჭლად არიან ჯერჯერობით პარლამენტში. თან არიან, თან არ არიან, თან უნდათ საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობა, ვატყობ, უნდათ, თითქოს მხარი დაუჭირონ ამ რეფორმას, მაგრამ ამავე დროს მხარს არ უჭერენ. სამწუხაროდ, ასეთი ჩამოუყალიბებლები არიან. კარგია, თუ თავის დროზე ჩამოყალიბდებიან. რაც მთავარია, ჩამოყალიბდნენ, რომ აშალონ კარვები, რომლებიც პარლამენტის წინ არის. მგონი, ეს არის მთავარი, რაც მათ ხელს უშლით. როგორც კი აშლიან კარვებს პარლამენტის წინ, იმ მომენტშივე ისინი ჩამოყალიბდებიან ამ პარლამენტის სრულფასოვან წევრებად და უკვე პოლიტიკური, დემოკრატიული პროცესის მონაწილეები დარჩებიან. კარვები მათ ხელს უშლით, უბიძგებთ რადიკალიზაციისკენ და პოლიტიკური სიმშვიდე, რაც მათ სურთ, ამ კარვების შემხედვარე ვერ იბრუნებენ. მოვუწოდებ, აშალონ კარვები, მაშინვე დამშვიდდებიან და დაუბრუნდებიან დემოკრატიული ცხოვრების კალაპოტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.