შალვა პაპუაშვილი - საუბარი როდესაც არის „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე, საბოლოო ჯამში, ზრუნვის თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასახელებას
საუბარი როდესაც არის „ხალხის ძალის“ ამ ინიციატივაზე, კანონზე და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში, ზრუნვის თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასახელებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ ეს ინიციატივა ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„გუშინ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე, არც დღეს რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, არ იყო, პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება. კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს, რაზეც არის საუბარი, რომ შეიძლება, სტიგმატიზება მოახდინოს. დასახელების მიმართ არის ხოლმე ეს წუხილი და ამიტომ არის სხვადასხვა საუბარი ამ კანონთან დაკავშირებით. როგორც კი გადავდივართ შინაარსსა და გამჭვირვალობაზე, ვფიქრობთ, აქ უფრო მეტი გაგება არსებობს იმის, რომ მოქალაქის უფლებაა, იცოდეს ამ აქტორების შესახებ და, თავისთავად, ამ მხრივ, არსებობს აბსოლუტური ლეგიტიმური მიზანი ამგვარი რეგულაციის.
როდესაც დისკუსიაში შევდივართ, გუშინ იქნებოდა, თუ სხვა დროს, ძირითადად, მთელი დისკუსია კონცენტრირებულია ამ დისკუსიის სტიგმატიზებაზე, თითქოს ამ ინიციატივის მიზანი არის სტიგმატიზება. სტიგმატიზებით ცდილობენ იმის ახსნას, რომ ეს პროექტი ცდილობს სტიგმატიზაციას. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არის ხოლმე უთანხმოება, რაც შეეხება ფორმას, დასახელებებს. რაც შეეხება შინაარსს, ის, რომ გამჭვირვალე უნდა იყვნენ აქტორები, ამაზე არათუ ვთანხმდებით, ამაზე წინააღმდეგობაც შეუძლებელია, არსებობდეს. იმაზე, რომ დღეს ხარვეზიანია ეს სისტემა, გუშინ განხილვის დროს იყო მოსაზრება, თითქოს ყველაფერი ისედაც არის საჯარო. შემდეგ როდესაც ჩავედით დეტალებში, ყველა შევთანხმდით, რომ არა, დღევანდელი სისტემა ამას არ უზრუნველყოფს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უცნობია ამა თუ იმ ორგანიზაციების დაფინანსება საიდან რა რაოდენობით და რა მიზნებით არსებობს.
„დღეს არსებული სისტემა ეს არის ნებაყოფლობითი სისტემა, რომელსაც ზოგი ორგანიზაცია პასუხისმგებლობით უდგება და თავად აქვეყნებს ინფორმაციას, ზოგი არ აქვეყნებს. შეგიძლიათ, გადაავლოთ თვალი სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდს, გამოიტანოთ დასკვნა, რომელი ასაჯაროებს და რომელი არა. სწორედ ის, რომ ორგანიზაციების ნაწილი ასაჯაროებს, ესეც ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია ამ სექტორში და ამიტომ ყველა მონაწილე თანაბრად უნდა იქცეოდეს.
ჩვენ ვართ დისკუსიის დასაწყისში. ეს არის გრძელვადიანი დისკუსია, რომელიც, თავის მხრივ, მიმდინარეობის პროცესში თან დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას. ამიტომ აქ არაფერი არ არის საჩქარო და არ არის საჭირო აჟიოტაჟი. წინ არის დრო და შეიძლება ამაზე დისკუსია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომ გამჭვირვალობას პასუხისმგებლობით მოეკიდონ, თვითონ იყვნენ ინიციატორები და აქტიური იმ საკითხში, რომ შესთავაზონ საზოგადოებას გადაწყვეტები ამ გამჭვირვალობის თაობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან რამდენჯერმე გაიმართა შეხვედრები და აღნიშნა, რომ ეს უკვე რეგულარული ფორმატია.
„ეს არის რეგულარული ფორმატი. იცით, რომ 12 რეკომენდაციის ფარგლებში, რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. რეგულარულად, ორ თვეში ერთხელ მაინც ვიკრიბებით, ისევე როგორც გუშინ იყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა. რაც შეეხება განცხადებებს, აქ ახალი არაფერი არ არის. ეს პოზიცია არა მხოლოდ ელჩმა, არამედ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციამაც დააფიქსირა ამ პროექტთან დაკავშირებით. აქ ერთი რამ არის, რაზეც შეხვედრაზეც ვსაუბრობდით. როდესაც ეხება საქმე წუხილს, წუხილები ეხება ფორმასა და სახელწოდებებს. თუკი ჩაეკითხებით, ამ საკითხში რა არის პრობლემური, არ მგონია, ვინმემ გითხრათ, რომ პრობლემა გამჭირვალობაა. სხვათა შორის, ყოველთვის არის საუბარი, რომ უნდა იყოს ბალანსი სხვადასხვა ინტერესს შორის და საქართველოს პარლამენტი ასე მოქმედებს, ჩვენი კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ინსტრუმენტების საფუძველზე, რომელიც არის. ამიტომაც მივმართეთ ვენეციის კომისიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.