შალვა პაპუაშვილი - სასურველია, ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც თუ მიბაძავს და საქართველოს შესთავაზებს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს
ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, თუმცა უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს 2024 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია.
„ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა. სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.