შალვა პაპუაშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე გახარიას მხრიდან კითხვის ნიშანი არ არსებობს, მას განსხვავებული აზრი ჰქონდა მხოლოდ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არ არსებობს კითხვის ნიშანი არც გიორგი გახარიას მხრიდან იმის შესახებ, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.
პაპუაშვილის განარტებით, გახარიას მხრიდან საუბარი იყო მხოლოდ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით.
„გიორგი გახარიამ ახსნა კიდეც, რომ საუბარი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. ის, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, აქ რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს არც გიორგი გახარიას მხრიდან.
სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ხანდახან ახერხებენ კიდეც, რომ მარტივი ჭეშმარიტებები აქციონ დილემად. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ კანონის დარღვევას მოჰყვება რეაქცია. აქციონ დილემად, მოჰყვეს თუ არა ამას რეაქცია. ეს არის ის მანიპულაცია, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები მიმართავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „გიორგი გახარიას გადადგომა ადასტურებს, რომ მელიას საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული?“, – პაპუაშვილი პასუხობს, რომ ასე არ არის, რაც თავად გახარიამაც დაადასტურა.
„არა, რა თქმა უნდა. ეს თავად დაადასტურა გიორგი გახარიამაც. ის ეთანხმებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ის იზიარებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღინისძიების დამძიმებასთან დაკავშირებით და იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. მან თავადაც თქვა, რომ ერთადერთი საკითხი, რომელზეც სხვანაირი აზრი ჰქონდა, იყო, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
შსს-ს წარმომადგენლები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დილით მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც ნიკა მელია იმყოფება, თუმცა არ შეუშვეს.
მოგვიანებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“. გახარიას განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი“.
შსს-მ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კიდევ ერთი მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.