შალვა პაპუაშვილი - სასაცილოა საუბარი, რომ პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში, საჯარო ადგილას ხიდაშელსა და ვოლსკის შორის ფარული შეხვედრა იყო
სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში, სადაც მეც ვარ ხოლმე, თქვენც ხართ, ფარული შეხვედრა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრის საკითხზე.
„არაკეთილსინდისიერია, როცა საზოგადოებას ისე წარუდგენთ, თითქოს რაღაც კონფირმაციული შეხვედრა იყო საჯარო ადგილას – იმ ადგილას, სადაც იკრიბებიან დეპუტატები, ჟურნალისტები. პარლამენტის გვერდით ერთი კაფეა და იქ იკრიბება ყველა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიტიკურმა გაერთიანება „დროამ“ გაავრცელა ვიდეო გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა: „დავით ხიდაშელმა დამირეკა, არ ვიცნობდი, მითხრა, აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები მაქვსო. მას ჩემთან არ უსაუბრია, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან“.