შალვა პაპუაშვილი - სასაცილოა, როცა „ლელოს“ ორი დეპუტატი ფიქრობს, რომ შეუძლიათ, მთლიან პარლამენტს თავს მოახვიონ მოსაზრებები, მათ საკუთარ პოლიტიკურ წონაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ
შალვა პაპუაშვილი - სასაცილოა, როცა „ლელოს“ ორი დეპუტატი ფიქრობს, რომ შეუძლიათ, მთლიან პარლამენტს თავს მოახვიონ მოსაზრებები, მათ საკუთარ პოლიტიკურ წონაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ

გუშინ „ლელოს“ განცხადება ვნახეთ, რომელიც ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ცდილობენ, რომ საკუთარ გზას დაადგნენ. თავისთავად სასაცილოა, როცა პარლამენტის ორი წევრი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ, მთლიან პარლამენტს თავს მოახვიონ თავიანთი მოსაზრებები და შექმნან საკუთარი დამოუკიდებელი ფორმატი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ ამ მხრივ ხელისუფლებას დაეხმაროს კონსტრუქციულ წინადადებებით, ღია არის კარი ამ მსჯელობისთვის.

„ცხრა რეკომენდაციის შესრულება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ვინმეს სურვილი თუ აქვს, რომ ამ მხრივ ხელისუფლებას დაეხმაროს კონსტრუქციულ წინადადებებით, ღია არის კარი ამ მსჯელობისთვის. პოზიტიური მოლოდინი ეს არის, თუმცა უკვე ვხედავთ ნეგატიური მოლოდინების გამართლებას – გუშინ „ლელოს“ განცხადება ვნახეთ, რომელიც ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ცდილობენ, რომ საკუთარ გზას დაადგნენ. თავისთავად სასაცილოა, როცა პარლამენტის ორი წევრი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ, მთლიან პარლამენტს თავს მოახვიონ თავიანთი მოსაზრებები და შექმნას საკუთარი დამოუკიდებელი ფორმატი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასწორი და გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს „ლელოს“ ორ დეპუტატს თავის თავსა და საკუთარ პოლიტიკურ წონაზე როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთი სასაცილო პროცესი იქნება – 2022 წელს ჩვენ ვნახეთ, როცა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ორი ადამიანით რაღაც ფორმატები სცადა, ეს არასერიოზულია და მათი არასერიოზულობა დადასტურდება კიდეც. თავად ის ფაქტი, რომ ორი დეპუტატი წარმოაჩენს ისეთ მდგომარეობას, თითქოს მათ შეუძლიათ, რაღაც პროცესის ლიდერები იყვნენ, ეს აჩვენებს ან გაბერილ წარმოდგენას და ეგოს, ან არარეალისტური აზროვნების სტილს, რაც, როგორც ჩანს, ამ ორ დეპუტატს აქვს. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არასერიოზული და სასაცილო პროცესია ის, რასაც ისინი იწყებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო რადიკალურ ფრთად იქცა.

„„Ლელოსთვის“ ეს უნიკალური შემთხვევა არ არის. ფაქტია, რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო რადიკალურ ფრთად იქცა. ჯერ კიდევ 2020-2021 წელს გვახსოვს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ჯერ კიდევ მოქმედი იყო, როცა მათ საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი წინადადებებიც გავითვალისწინეთ. ამიტომ, მათი სტილია რადიკალიზმი. მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი ისე დატოვა, რომ ვერავინ გაიგო ამის საფუძველი რა იყო, მანდატი გადააგდო. მათთვის მთავარია რადიკალიზმი და ისე წარმოჩენა, თითქოს ორ დეპუტატს ის წონა აქვს, რომ პარლამენტში პროცესები წარმართოს. ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი მცდელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ლელოს“ წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო, არ დაესწრნენ.