შალვა პაპუაშვილი - სასაცილოა, როცა ხაზარაძემ, რომელიც რამდენიმე მილიონის პატრონია, შემოდგომას ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, თუმცა რაც გაიმეტა, ესეც ამომრჩევლის მოსყიდვაა
სასაცილოა, როცა ხაზარაძემ, რომელიც რამდენიმე მილიონის პატრონია, ადრეულ შემოდგომას ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, თუმცა რაც გაიმეტა, ესეც ამომრჩევლის მოსყიდვაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებშიც არ აქვთ რეაგირება ადგილობრივ დამკვირვებლებს.
„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვნახეთ ე.წ. პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა პარტიას, ოპოზიციურ პარტიებს პარტიული მხარდამჭერების, ასე ვთქვათ, რეკრუტირებისთვის. ჩვენი შეფასებით, ეს ჩვეულებრივი მოსყიდვაა, ვინაიდან დაფინანსებული ღონისძიებები გახლდათ. ამაზეც ნულოვანი რეაგირება აქვთ ადგილობრივ დამკვირვებლებს.
ცნობილია რამდენიმეათასლარიანი წალენჯიხის ასაწყობი აუზი, რომლითაც მამუკა ხაზარაძემ თავისი მთავარი დაპირება შეასრულა, როგორც მან თქვა და წალენჯიხაში ადრეულ შემოდგომას ასაწყობი აუზი დადგა. თავის მხრივ, ეს ამომრჩევლების მოსყიდვაა. გარდა იმისა, რომ სასაცილო ფაქტია, როცა ადამიანმა, რომელიც მაღალ პენსიებს ჰპირდება და თავად რამდენიმე მილიონის პატრონია, ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, ამავე დროს, რაც გაიმეტა, გახლავთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან პარტიის მხრიდან მოქალაქეებისთვის უფასო სარგებლობა იყო შეთავაზებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.