შალვა პაპუაშვილი - სასაცილო აქციონიზმია, რაც დღეს „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თუ შარლ მიშელის ფრაქციამ ჩაატარეს
უბრალოდ სასაცილო აქციონიზმია, რაც დღეს „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თუ შარლ მიშელის ფრაქციამ ბრიფინგის სახით ჩაატარეს, – ასე შეაფასა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრაქციების -„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმება.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ნაწილია.
„სასაცილო აქციონიზმია, რადგან ეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, ეს „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ამოცანაა. ეს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ნაწილია, ასევე არის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სულ ახლახან ინიცირებული ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერეს ამავე პარტიებმა. ამიტომ დღეს არის უბრალოდ რაღაც მედიური მოვლენის შექმნის სურვილი და სასაცილო აქციონიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ფრაქციებმა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციული საპარლამენტო მემორანდუმი გააფორმეს.
ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია შეიქმნას მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ.