შალვა პაპუაშვილი - საქმე როდესაც ევროინტეგრაციას ეხება, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს დიასპორას, რომ ევროპელებს, ვინც ჯერ კიდევ არ იციან, გააცნონ, რა არის საქართველოს როლი ევროპაში
დღეს, როდესაც საქმე ეხება ევროინტეგრაციას, მნიშვნელოვანი როლი აქვს ამაში ჩვენს დიასპორას, რომ ევროპელებს, მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იციან და არ იცნობენ, გააცნონ, თუ რა არის საქართველოს როლი ევროპაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში დიასპორის გაძლიერების კუთხით შექმნილია დიასპორის კომიტეტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს დიასპორასთან.
„მე გუშინ გამოსვლის დროსაც ვთქვი, რომ საქართველო ვერ იქნება სრულყოფილი ევროპის გარეშე, მაგრამ ეს პირიქითაც არის: ევროპაც ვერ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე, რადგან საქართველო არის მონაწილე ევროპის შექმნისა. არ გადავალ ათასწლეულების უკან რა იყო, მაგრამ ჩვენ ვართ სწორედაც შემოქმედი ქრისტიანული ევროპული კულტურისა ყველა განზომილებაში: დაწყებული ღვინიდან, გაგრძელებული ქრისტიანული სწავლებებით, კულტურაში, ხელოვნებაში ჩვენი წვლილით, სპორტში. ამიტომ ჩვენმა ემიგრანტებმა უნდა მოახერხონ ეს განსაკუთრებით, ვინაიდან ისინი არიან ბუნებრივად ინტეგრირებული იმ საზოგადოებაში და მათ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. პარლამენტიც ყველანაირად იქნება თქვენ გვერდით. სპეციალურად ამ საკითხებისთვის შექმნილია დიასპორის კომიტეტი, რომელიც ყოველთვის მზად არის, გვერდში დაგიდგეთ. მინდა, ერთი მხრივ, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნით საქართველოს სახეს ქვეყნის გარეთ, აცნობთ ჩვენს ქვეყანას და ამავე დროს, თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან სოციალური კავშირის შენარჩუნებით მას ამდიდრებთ. მინდა, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე, დიასპორის დღე და გისურვოთ ყველას წარმატება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.