შალვა პაპუაშვილი - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გზაზე რუმინეთის მხრიდან ღიად გამოითქვა მხარდაჭერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე რუმინეთის მხრიდან ღიად გამოითქვა მხარდაჭერა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს რუმინეთის მხრიდან ევროკავშირსა და, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით სრული მხარდაჭერა აქვს.
შალვა პაპუაშვილმა საქართველო-რუმინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ხაზგასასმელია ის მხარდაჭერა, რომელიც ღიად გამოითქვა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გზაზე. ჩვენ რუმინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, რომლის შესახებაც 2022 წელს შედგა შეთანხმება და ეს საკუთარ თავში გულისხმობს ეკონომიკურ განზომილებებს. რუმინეთთან გვაკავშირებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში ჩვენი წვლილი, მათ შორის შავ ზღვაში ელექტროენერგიის გამტარი კაბელი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს. ეს ევროკავშირს მისცემს განახლებად ენერგიას ჩვენი რეგიონიდან, თუმცა რუმინეთთან გვაკავშირებს პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორობა, რაც თავის თავში გულისხმობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში მხარდაჭერას, ისევე როგორც ნატო-ში ინტეგრაციაში მხარდაჭერას. ამ მხრივ სრული მხარდაჭერა გვაქვს.
პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით, ვაპირებთ, გავაძლიეროთ ურთიერთობა. მივიღეთ შემოთავაზება, რომ ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების საკითხებში გვქონდეს საგნობრივი გაცვლა და დახმარება რუმინელი კოლეგებისგან სხვადასხვა დირექტივის იმპლემენტაციის საკითხებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში ვიზიტისას.