საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ედიტ მედნეს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებზე.
„შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით.
ელჩმა დაადასტურა ლატვიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი და ამ პროცესში საქართველოს გვერდში დგომის მზაობა გამოხატა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.