შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს
პრემიერის მიმართ ამერიკისგან როდესაც ხდება შეთავაზება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის უარი ხომ არ დააზიანებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, რაზეც მან აღნიშნა:
„არა, რა თქმა უნდა. საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს, და დამყარებულია ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის მიმართ ვიზიტთან დაკავშირებით, შეთავაზება როდესაც ხდება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და იმ ნდობით ურთიერთობას, რომლითაც ვუყურებთ ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის მიმართ.
ჩვენ სხვადასხვა დროს გამოგვიჩენია, რას ნიშნავს, ჩვენი გაგებით, პარტნიორობა. ჩვენს პარტნიორებს გავყევით ომში ავღანეთში და მხარდამხარ ვიბრძოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არანაირი პირობა არ გვქონდა დაყენებული. ჩვენ გვესმოდა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უსაფრთხოების სახით მსოფლიოს წინაშე და ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებდით ამ საკითხზე. მოლოდინია, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იქნება და როდესაც არის სურვილი საუბრის, ვიზიტის განხორციელების, წინაპირობები არ იქნება დაყენებული, ვინაიდან ეს, გარკვეულწილად, ჩრდილს აყენებს დამოკიდებულებას, იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ხდება ასეთი წინაპირობების დაყენება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე“.
ამასთან, აღნიშნულ განცახდებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: „პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.