შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როცა კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა
2020 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარ საარჩევნო დაპირებას 2024 წლისათვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა წარმოადგენდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი შეასრულა.
„ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია, ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისთვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით. საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა. საპარლამენტო კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ სხდომებზე მოხერხდა ასამდე თვისობრივად უმნიშვნელოვანესი კანონისა და რეგულაციის მიღება, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გავაძლიერეთ საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტები, შევქმენით უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი, უფრო მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ანტიკორუფციული, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემა. ავირჩიეთ ახალი სახალხო დამცველი და სრულად დავაკომპლექტეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, არაერთი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა საქართველოს წინსვლის შესახებ ყველა გადაწყვეტილების მიმღები მხარე ინფორმირებული ყოფილიყო.
„შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, საქართველოს წინსვლის შესახებ ხმა მივაწვდინეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს. ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათ პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში. მსგავსი მოტივაციით, ვიცე-სპიკერებმა, მეგობრობის ჯგუფებმა, კომიტეტებმა და მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა ასობით შეხვედრა გამართეს ევროკავშირელ კოლეგებთან. საქართველოში ვუმასპინძლეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, სლავკოვის ფორმატში – ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სპიკერებს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას. ეს ყველაფერი ერთი მიზნით – ევროკავშირში საქართველოს წევრობის საქმეში საპარლამენტო აგურის დასადებად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაფასდა ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს და უცხოელ პარტნიორებს, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით კი, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ყველას, ვინც თავისი შრომით, ემოციით, გულშემატკივრობით თავისი წვლილი შეიტანა ამ მიზნის მიღწევაში. ამავე დროს, ქალბატონებო და ბატონებო, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს – დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა, საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.