შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ კონცენტრირდეს დათქმულ ვადებში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ კონცენტრირდეს დათქმულ ვადებში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი არის საქართველოს პარლამენტის განაცხადი და ასევე, არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ მთავრობა კონცენტრირდეს დათქმულ ვადებში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე.

„ეს გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური განაცხადი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი ესმება იმას, თუ რას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, რას ამბობს, მათ შორის, აქამდე მიღებული რეზოლუციები, რაც ამ პარლამენტშიც მივიღეთ და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ახლა გვაქვს. ეს არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ მან განსაკუთრებული კონცენტრირება გააკეთოს იმ საკითხზე, რომ ასოცირების შეთანხმება შესრულდეს იმ ვადებში, რომელიც არის დათქმული და შესრულდეს იმ ეტაპებით, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რეზოლუციის პროექტი 13-პუნქტიანია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. ამასთან, დღეს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.