შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მთავრობას არანაირი განმარტება არ აქვს გასაკეთებელი, განმარტება უნდა გააკეთოს იმან, ვინც ბრალს წარადგენს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ტყუილს უწოდებს.
საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის შესაბამის სტრუქტურებს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი რისკები არსებობს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, დეზინფორმაციული განცხადებები საქართველოსა და უკრაინას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს არ წაადგება.
„ამაზე გუშინვე მეც განვაცხადე და დღეს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდანაც ვნახეთ განცხადება. ჩვენი შეფასებით, ეს არის ტყუილი, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რომ რაიმე ასეთი რისკები არსებობს. ამიტომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან განმარტებებს მოველით. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ასეთი დეზინფორმაციული განცხადებების გაკეთება ნამდვილად არ არგებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს. სამწუხაროა, რომ ამ მომენტში ხდება სწორედ ასეთი ინფორმაციების გავრცელება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო განცხადებაა საჭირო, თუ ვის გვერდით დგანან: „ევროკავშირთან და უკრაინასთან, თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გალერის ეს განცხადება არის მაგალითი, რომ ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა, გარკვეულ რეზონანსს იწვევს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას არანაირი განმარტება არ აქვს გასაკეთებელი, რადგან განმარტება უნდა გააკეთოს იმან, ვინც ბრალს წარადგენს.
„ეს იყო გამოხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე. ესეც ჩვეულებრივი მაგალითია იმის, რომ სამწუხაროდ, ასეთი სახის ინფორმაციები ვრცელდება და გარკვეულ რეზონანს იწვევს. სინამდვილეში, საქართველოს მთავრობას არანაირი განმარტება არ აქვს გასაკეთებელი. განმარტება უნდა გააკეთოს იმან, ვინც ბრალს წარადგენს, ამ შემთხვევაში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა. თუკი მას აქვს რაიმე პრეტენზია და ბრალი, მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და ჩვენ ამას ველით. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით არაფერი, გარდა იმ განცხადებისა, ჩვენ არ გვინახავს. სამწუხაროა, რომ უსაფრთხოების კუთხით ასეთ რთულ ვითარებაში, მსგავს დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციას ავრცელებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.