შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და კანდიდატის სტატუსს ხალხის სახელით მიიღებს
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და კანდიდატის სტატუსს ხალხის სახელით მიიღებს

ევროკავშირში წევრობის განაცხადი საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხის სახელით მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი.

„ოპოზიციის მხრიდან ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ. ისინი ხედავენ, რომ მათი გემი იძირება. ის გემი, რომლითაც ცდილობდნენ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამენაირად ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმისთვის. ეს გემი იძირება და ახლა ამ გემიდან ზოგი გაქცევას და თავის შველას ცდილობს, ზოგი კი – პროცესისთვის რამენაირად ხელის შეშლას. მათი ბოლო მცდელობაა, რომ ეს მიღწევა რაღაცნაირად გააფერმკრთალონ.

რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის განაცხადი საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხის სახელით მიიღებს. ეს არის ის, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი. ვინც ცდილობს, ასეთი მიდგომები უარყოს, ეს არის ტიპური რუსული სტილი, როცა ქვეყანაში იგულისხმება არა სახელმწიფო და მთავრობა, არამედ რაღაც ჯგუფები, რომლებიც მას მოსწონს. ეს არის რუსული პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს უკრაინის და, მათ შორის, საქართველოს მიმართ, როცა თავის სასურველ ჯგუფებს გამოარჩევს და იმას მიიჩნევს ქვეყნად და ხელისუფლების იგნორირებას ახდენს. ეს არის იმ სტილის მიდგომა, რომელიც ოპოზიციას ახასიათებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.