შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც დესტრუქციაზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული, როგორც სხვა დროს, მოსახლეობა მათ ახლაც ეტყვის „არას“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და სასამართლომ უნდა მიიღოს.
მისი თქმით, ამ თემისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა პატიმრის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციებს, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საზოგადოებამ მათ არაერთხელ გასცა პასუხი.
„არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბევრჯერ გასცა პასუხი, ბოლოს რამდენიმე დღის წინ, როდესაც საახალწლო ნაძვის ხის ანთება იყო, პირდაპირ, აშკარად გასცა საქართველოს მოსახლეობამ პასუხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ არევაზე, დესტრუქციაზე, უარყოფით ემოციებზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული. დაიღალნენ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციისგან და ნეგატიური კამპანიებისგან. შესაბამისად, მე სხვა მოლოდინი არ მაქვს. როგორც სხვა დროს, ახლაც მოსახლეობა მათ „არას“ ეტყვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.