შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, რომელიც მათ ემსახურება და არა იმ პირებს, რომლებსაც ქვეყანასთან არანაირი შეხება არ აქვთ
საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს ემსახურება, აქ მყოფ პირებს და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანასთან არანაირი შეხება არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული მართლმსაჯულება ერთ-ერთი წამყვანია, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით.
„ორი რამ არის მნიშვნელოვანი რაც ვისწავლეთ ბოლო წლებია – ფაქტები და აღქმებია. აქამდე ოპონენტები ცდილობდნენ, მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი ოპონენტი, რომ ჩვენთან აღქმებით ესაუბრათ, ეთქვათ, რომ ასეთი აღქმაა, თითქოს ქართული მართლმსაჯულება არ არის სამართლიანი. ამას ყოველ ჯერზე ვუპირისპირებდით ფაქტებს. მოგვყავდა ის საქმეები, რომლებზეც იყო პანიკა ხოლმე ატეხილი. რუსთავი 2 – ის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე, მერაბიშვილის საქმე – ყველა ეს საქმეები, რომლებზეც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ვინც მას აბრალებდა უსამართლობას, იყო მტყუანი, სტრასბურგმა დაადგინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნიდან, თუ გარედან მმართველი გუნდის ოპონენტები მოსახლეობის აღქმის ნაწილშიც იტყუებოდნენ.
„მოსახლეობის აღქმებს რაც შეეხება, თუ როგორ ხედავს ის სასამართლო სისტემას და მართლმსაჯულებას, როგორც კვლევამ აჩვენა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ემსახურება ეს სასამართლო, ფიქრობენ, რომ ეს არის სამართლიანი სასამართლო. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, აქ მყოფ პირებს და არ ემსახურება ადამიანებს, რომლებსაც არანაირი შეხება საქართველოსთან არ აქვთ. ამიტომ, კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორც ფაქტებით, ისე აღქმებით, ქართული მართლმსაჯულება არის ერთ-ერთი წამყვანი, მათ შორის, თუ შევადარებთ კანდიდატ ქვეყნებს და ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ რეაქციები იმ უცხოელი აქტორებისგან მათ შორის, რომლებიც წლებია ცრუ ბრალდებებს უყენებენ ჩვენ მართლმსაჯულებას და შესაბამისი ადეკვატური ანალიზი გააკეთონ ამ შედეგებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.