შალვა პაპუაშვილი - მიზანი უნდა იყოს არა მოლაპარაკების სწრაფი გახსნა, არამედ სწრაფად დახურვა, ევროკავშირში თუ მომწიფდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეუძლიათ, დღესვე გაგვიხსნან მოლაპარაკება
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს უარი ეთქვა წინა ჯერზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, ვაწარმოეთ საგარეო პოლიტიკა, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მგონი, გამოჩნდა, რომ მართალი, სწორი პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტთა ჯგუფი საქართველოს მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.
„ჩვენ ერთი წელი გვაქვს შემდეგ გადაწყვეტილებამდე. ერთადერთი, მე რისი შიშიც მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო პერიოდი გვექნება, ოპოზიცია და ზოგიერთი მათ შორის პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია გააფთრებულად შეეცდება რადიკალური დღის წესრიგის შემოტანას. კიდევ უფრო გააფთრებულად შეცდებიან, რომ ყველანაირად დაანახონ ევროკავშირს განხეთქილება ქვეყნის შიგნით. ამას აკეთებდნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ვერ შეძლეს. იმედი მაქვს, ვერც ამის შემდეგ შეძლებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მიზანი უნდა იყოს არა მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ მოლაპარაკებების სწრაფად დახურვა.
„ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები საქართველოსთან დაიწყო სამი წლით გვიან, ვიდრე უკრაინასთან, ვიზალიბერალიზაციაზეც სამი წლით გვიან დაიწყო საქართველოსთან მოლაპარაკებები ვიდრე უკრაინასთან, მაგრამ უკრაინაზე მალე დავხურეთ ეს მოლაპარაკებები. ამიტომ, ჩვენი, მათ შორის პარლამენტის ფოკუსი იქნება ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, რადგან მაშინ, როდესაც ევროკავშირი იქნება მომწიფებული, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, მალევე დავხუროთ, იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ უფრო მალე შევძლოთ მოლაპარაკებების დახურვა. რაც შეეხება თავად გახსნის გადაწყვეტილებას, აქაც უმთავრესი პოლიტიკური ნაწილია ამ გადაწყვეტილებების მიღების, თორემ სხვა ასპექტების მიხედვით საქართველო არის ლიდერი. ასე რომ, პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მომწიფდება ევროკავშირში, შეუძლიათ, დღესვე გაგვიხსნან მოლაპარაკებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.