შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება რომ ლიდერია რეფორმების განხორციელების მხრივ, ამიტომ გაგვეხსნა 2017 წელს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, გავაგრძელებთ, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება რომ ლიდერია რეფორმების განხორციელების მხრივ, ამიტომ გაგვეხსნა 2017 წელს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, გავაგრძელებთ, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ

იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ლიდერი რეფორმების განხორციელების მხრივ, ამიტომაც იყო, რომ 2017 წელს ჩვენ გაგვეხსნა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან და გავაგრძელებთ, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია „ქართული ოცნების“ მონაპოვარია და ამ მონაპოვარს უფრთხილდებიან.

„პოზიტიური ანგარიშია. მათ შორის, თუ შევადარებთ წინა წლის ანგარიშს. არის რეკომენდაციები გამოთქმული. ჩვენ ამ ანგარიშს, როგორც ყოველთვის სერიოზულად მოვეკიდებით და მივყვებით მის შესრულებას. ვიზალიბერალიზაცია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნას გადადგმული. ყველა რეკომენდაციას მიმართულებების მიხედვით შევხედავთ. რამე საკითხი თუ იქნება გასაუმჯობესებელი, გავაუმჯობესებთ. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი ევროკავშირთან. ასეთი ანგარიშები ყოველ წელს ქვეყნდება. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ლიდერი რეფორმების განხორციელების მხრივ, ამიტომაც იყო, რომ 2017 წელს ჩვენ გაგვეხსნა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან და გავაგრძელებთ, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მიგრაციული პროცესები არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით განპირობებული.

„რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, მგონი აქ რიცხვები არაერთხელ ითქვა. საქართველოს 2021-2022 წელი ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელსაც გვაქვს შვიდ პროცენტზე მაღალი ზრდა. ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე ბოლო სამ წელიწადში 4 500 დოლარიდან თითქმის 8 000 დოლარამდე გაიზარდა. ეს ეკონომიკური მაჩვენებლებია, რაც ჩვენთან არის. რაც შეეხება მიგრაციულ პროცესებს, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით განპირობებული პროცესები. ეს არის ნაწილი მათ შორის იმის, რომ ჩვენ ვხდებით გლობალური სამყაროს ნაწილი, თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით სხვა ქვეყნებში, გარკვეული მუშაობის შესაძლებლობით სხვადასხვა ქვეყანაში, რასაც ჩვენი ხელისუფლება აღწევს ხოლმე სწავლის შესაძლებლობებით, ეს არის თანმდევი პროცესი ამ ყველაფრის. მთავარია, რომ სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო გარემო ეკონომიკური ზრდისთვის, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ჩვენ ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას. ევროკომისიის ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად.