შალვა პაპუაშვილი - საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, ქვეყანას მეტად მოწყვლადს ხდის, ამ ფონზე უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება არ გვაქვს
მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ეხება. მოხარული ვარ, მოგაწოდოთ მეტი დეტალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაგარწმუნოთ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში აღნიშნავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
„ყველა თქვენი ქვეყნის მსგავსად, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად, საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ეს ასეა როგორც საფრანგეთში, ისე დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვაგან. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. თუ არამომგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი – მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში, ასე უნდა იყოს არამომგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ამ ძირითადი აქტორის ფინანსური გამჭვირვალობა საბაზისო პრინციპია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართეს.