შალვა პაპუაშვილი - ჩვენი სახელმწიფო არის მოწინავე ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი უნდა გვქონდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს დღეს გადაეცემა, რაც შეეხება მეორე ნაწილს, პაპუაშვილის თქმით, მასზე მუშაობაც მალე დასრულდება.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მთავარია, რომ ყველაფერი იქნება დროულად და ხარისხიანად შესრულებული.
„შემდეგ არის ევროკავშირის მხარის ნაბიჯი, რომ ამ შევსებული კითხვარის საფუძველზე საბოლოო დასკვნა წარმოადგინოს ევროკავშირის კომისიამ. თვითონ კითხვართან დაკავშირებით მოლოდინებზე რთულია საუბარი, ეს არის ფაქტობრივი მდგომარეობის აღმწერი დოკუმენტი, სადაც ძირითადად საქმე ეხება საკანონმდებლო ჩარჩოს აღწერას, ამიტომ ამ კუთხით მთავარია სრულყოფილი პასუხები იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს, რადგან წლებია ქვეყანა ამ მიმართულებით მიდის.
„რაც შეეხება შეფასების ნაწილს, რომელიც ევროკომისიის მხრიდან იქნება, ვფიქრობთ, რომ საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის მოწინავე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ამას ფაქტები ადასტურებს, როგორც ასოცირების შეთანხმების კუთხით და ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ისე საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. ვფიქრობ, წლების განმავლობაში საქართველოს ბეჯითი მუშაობა უნდა დაფასდეს. საქართველოს ევროპული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს და ამისთვის ქართველ ხალხს დიდი საფასურის გადახდაც მოუწია. ამ ორი პოლიტიკური კომპონენტის გათვალისწინებით, ერთი ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ის, რომ ქართველი ხალხი ბრძოლისთვისაც მზად არის და მოუწია კიდეც საფასურის გადახდა, მეორე, სახელმწიფო არის მოწინავე ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების იმედი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.