შალვა პაპუაშვილი - საქართველოდან როცა უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, საქართველო ხელს აწერდა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას, რომლის შედეგიც არის ორდერი
შალვა პაპუაშვილი - საქართველოდან როცა უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, საქართველო ხელს აწერდა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას, რომლის შედეგიც არის ორდერი

საქართველოდან როცა უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, საქართველო ხელს აწერდა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას, რომლის შედეგიც არის ორდერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პუტინისათვის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

„მაშინ, როდესაც რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციას ტყუილით გამოჰყავდა საქართველოს მოქალაქეები, თითქოს საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, მაშინ, როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის ორდერი. ეს ხომ გვაჩვენებს, რამდენად ყალბი იყო ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიმართ. მაშინაც ზუსტად ამ ტყუილებით, როგორც ახლა, თითქოს რუსული კანონი იყო, ახლა ყოფილი და მაშინ მოქმედი სახალხო დამცველი საჯაროდ აცხადებდა, ეს ხელისუფლება მე არ წარმომადგენსო. აქამდე მიიყვანეს ხალხის ნაწილი, ეთქმევინებინათ, რომ მათი ხელისუფლება მათ არ წარმოადგენს. ზუსტად იმ მომენტში ხელისუფლება მათ წარმოადგენდა, როდესაც ხელს აწერდა განაცხადს, იყო 38 ქვეყანას შორის და არა – 123 ქვეყანას შორის, რომლებსაც ასევე შეეძლოთ, ხელი მოეწერათ ამ განცხადებისთვის“,  – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.