შალვა პაპუაშვილი - საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც აბსოლუტური ნდობა აქვს, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა მათ შორის მშვიდობის დამყარებაა
საქართველო არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ახლო წარსულშიც, ყოველთვის იყო ადგილი და ქვეყანა, რომელიც ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შესაძლებლობას აძლევდა, რომ საგნობრივი მსჯელობისთვის შეხვედრილიყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა
მისი თქმით, ეს ყოველთვის სხვადასხვა ფორმატსა და სხვადასხვა დონეზე ხდებოდა.
„საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ორივე ქვეყანას აბსოლუტური ნდობა აქვს, რადგან ჩვენ იმ კონფლიქტის პერიოდში, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობდა, სხვათა შორის, ყველა ხელისუფლებამ, დავადასტურეთ, რომ ამ კონფლიქტის მიმართ სრულ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება. მიხარია, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრებია, რათა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს. იმედი მაქვს, ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდება, რადგან ჩვენი რეგიონის საერთო ინტერესია, ჩვენი რეგიონი იყოს მშვიდობისა და უსაფრთხოების სივრცე. რაც შეეხება საქართველოს როლს, აქ პრემიერ-მინისტრს აქვს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. იცით, ამ როლმა უკვე დადებითი წვლილი შეიტანა, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება მოხდა სამხედრო ტყვეებისა და რუკის გაცვლის შესახებ. დარწმუნებული ვარ, პოზიტიური როლის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისთვის. საქართველო, როგორც ძირითადი დამაკავშირებელი რეგიონში, ამ პოზიციებს უფრო იმყარებს. 2 000-მდე დელეგატის მონაწილეობით კონფერენციაც სწორედ იმას ადასტურებს, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით რეგიონული ცენტრი ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.