შალვა პაპუაშვილი - საქართველო ომის დაწყების დღიდან უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება
საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად, უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება.
„დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოსა და სხვა ერების თავისუფლების მისწრაფებათა ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება. უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იმავე მასშტაბის გამოწვევის წინაშე. იგივე შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს. 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო.
საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკის წინაშე მდგარი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში. ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს გამოვუცხადეთ კიევში, ბუჩასა და ირპინში ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტმა ვუმასპინძლეთ ომით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს. ომსა და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე საქართველო გახდა მათი მეორე სამშობლო. ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება.
გუშინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ჩვენი თანაავტორობით ინიციირებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში ვუსურვებ გამარჯვებას. Слава Україні“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.