შალვა პაპუაშვილი - საქართველო მზად არის, გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის მაგალითად
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სოომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების პრეზიდენტს ალენ სიმონიანსა და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა.
როგორს პაპუაშვილმა განაცხადა, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის, გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლო ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების პრეზიდენტს, ჩემს მეგობარს და კოლეგას, ბატონ ალენ სიმონიანს და მის თანმხლებ დელეგაციას.
ბატონი სიმონიანის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ე წლისთავი. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის კავშირები და მეგობრობა გაღრმავდა, რაც მრავალი სასიკეთო შედეგის მომტანი იყო როგორც ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ათწლეულების განმავლობაში შევქმენით ის მყარი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენს მომავალ თაობებს შეეძლებათ კეთილმეზობლური და ძმური თანაცხოვრება.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
მისასალმებელია, რომ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტს შორის. ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეხვედრაზე ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. საქართველოსა და სომხეთის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარსული, აწმყო და მომავალი მტკიცედ არის ურთიერთგადაჯაჭვული.
საქართველო მზად არის, გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად. იმედი მაქვს, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე რთული პრობლემების წინაშეც კი, სამხრეთ კავკასიის ხალხებს შეგვიძლია ბრძნულად და ურთიერთთანამშრომლობით მშვიდობიანი მომავლის მშენებლობა. ბატონ სიმონიანს და მის თანმხლებ დელეგაციას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩამობრძანებისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.