შალვა პაპუაშვილი - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ექვსი პირიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, ვულოცავ აქციის მონაწილეებს, რუსი მოქალაქე აღმოჩნდა მათთან ერთად მოძალადე
დაკავებულ ექვს ადამიანს რაც შეეხება, ვნახეთ ვიდეოჩანაწერები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ძალადობდნენ ან აზიანებდნენ ქონებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ექვს პირთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ქონების, სათვალთვალო კამერების დაზიანება, მიზანი იყო, რომ შემდეგ მათი დანაშაული დაფარულიყო და არ აღბეჭდილიყო მათი ძალადობა.
„ამ ექვსი ადამიანიდან ერთ-ერთი არის რუსეთის მოქალაქე. ასე რომ, ვულოცავ აქციის მონაწილეებს, რუსი მოქალაქე აღმოჩნდა მათთან ერთად მოძალადე. ეს ცალკე საკითხია, ალბათ უნდა ჩავეძიოთ, ვინაა ეს ადამიანი, რომელიც ამ აქციებში მონაწილეობდა და იყო მოძალადე. ვულოცავ ე.წ. ანტირუსულ აქციას, რომელსაც შეუერთდნენ რუსი მოქალაქეები. ეს იყო უმძიმესი თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე. ვწუხვარ, რომ დღემდე არცერთმა საელჩომ ეს ძალადობა არ დაგმო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექვსი პირი 9 მაისს დააკავა.