შალვა პაპუაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რეგლამენტში ცვლილებების მეორე პაკეტი დააინიცირა, ცვლილებები, მათ შორის, შეეხება კენჭისყრების ღიაობას, ასევე წლიური ანგარიშების მოსმენას
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თავის დროზე გააკეთა გარკვეული მოკვლევა რეგლამენტთან დაკავშირებით, მათ შორის, კომიტეტებში, აპარატიდან რა ხარვეზებს ხედავენ ან ეფექტიანობის მხრივ რა შეიძლება გაუმჯობესდეს, ამის საფუძველზე ზაფხულში ცვლილებების ერთი პაკეტი მივიღეთ, ახლა დაინიცირდა მეორე პაკეტი, რომელიც მაშინ არ ჩაიდო იმ პაკეტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებიდან ერთ-ერთია კენჭისყრის ღიაობის საკითხი.
„ერთი საკითხი გახლავთ, რაც მედიაშიც იყო ფარულ კენჭისყრებთან დაკავშირებით. მათ შორის, ხაზი ესმება, თითქოს ეს იმპიჩმენტის პროცედურასთან არის დაკავშირებული. დღეს შემოვა ეს პროექტი და აქვე ვიტყვი, რომ დაჩქარებული წესით არ განიხილება, შესაბამისად, ამ ცვლილების მიღება მოხდება ნოემბრის ბოლოს. ხოლო რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ის გაწერილ ვადებში არის და ოქტომბერშივე დასრულდება. მეორე მხრივ, ჩვენ რეგლამენტში არის გარკვეული თანამდებობები, სადაც არჩევა ან თანხმობის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით და ზოგზე ღიაა და არის ძალიან უსისტემო, მაგალითად, საქსტატის საბჭოს წევრის არჩევა, საპენსიო ფონდის საბჭოს წევრის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა ხდება ღიად. საუბარი არის, თითქოს ეს არის გარკვეული დაცვა დეპუტატის და რა დაცვა სჭირდება ახლა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლის არჩევის დროს თუ უზენაესის არჩევის დროს, ამიტომ ეს გარკვეული უსისტემობა იყო ჩვენს რეგლამენტში. ზოგადად, პარლამენტი ღიად უნდა მუშაობდეს, ხომ? ფარულობა გამონაკლისია. ის, რაც არის კონსტიტუციაში ფარული კენჭისყრით, ის დარჩეს ფარულად და, კერძოდ, ეს გახლავთ ერთადერთი შემთხვევა, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევა, სხვა დანარჩენი იქნება ღია კენჭისყრა, რაც აქამდე იყო ფარული კენჭისყრით, ყველაფერი იქნება ღია. ეს უფრო გამჭვირვალეს გახდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, რეგლამენტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სხდომის თავმჯდომარეს ექნება საშუალება, საკითხის განხილვა შეწყვიტოს და კენჭისყრა განახორციელოს.
„ასევე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ უმჯობესია იყოს ერთიანი კენჭისყრა. ამიტომ კენჭისყრა შედგება უმაღლესი კვორუმის მქონე პროექტის მიხედვით. მთლიან პაკეტს დასჭირდება 76 ხმა. ასევე, მდგომარეობა შეიძლება იყოს, როდესაც საკითხები განხილულია, კენჭისყრისთვის მზად არის, გადავდივართ შემდეგ საკითხზე, რომელსაც დიდი დრო სჭირდება და კენჭისყრას ვერ ვატარებთ. მათ შორის, ჩვენ ახლახან გვქონდა ეს გამოცდილება ბიუჯეტის დამტკიცებისას, როდესაც სხვა პროექტის განხილვა გაიწელა. შემოვა დებულება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სხდომის თავმჯდომარეს, რომ შეწყვიტოს საკითხის განხილვა, ჩაატაროს კენჭისყრები და გააგრძელოს შემდეგ საკითხის განხილვა. ეს დაგვეხმარება, მათ შორის, კენჭისყრების დაგეგმვისთვის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილებები შეეხება წლიური ანგარიშების მოსმენასაც.
„რაც შეეხება წლიური ანგარიშების მოსმენას, აქაც ცოტა ჭრელი პრაქტიკა თუ დებულებებია. თუ ჩვენ წელიწადში გვაქვს დაახლოებით 70 პლენარული სხდომის დღე, აქედან ანგარიშების რაოდენობა, რომლებიც უნდა მოვისმინოთ, 50-ზე მეტი იყო, საიდანაც გამოდის ლოგიკური დასკვნა, რომ ყველა ანგარიშს თუ მოისმენს პლენარული სხდომა სათანადოდ და, სულ მცირე, ნახევარ დღეს დაუთმობს, სხდომების ნახევარი ანგარიშების მოსმენას დაეთმობა. მივედით ერთ პრინციპამდე, რომ საკონსტიტუციო ორგანოების ანგარიშები ყველა შემთხვევაში გამოვიდეს პლენარულ სხდომაზე, ვთქვათ, ეროვნული ბანკი, გენერალური პროკურორი, პრეზიდენტი, მთავრობა ა.შ. პლუს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, ვინაიდან რანგით მაინც მაღალია და ეხება უსაფრთხოების საკითხებს. ხოლო სხვა დანარჩენი ანგარიშები, არის ხოლმე საპენსიო ფონდი და სხვა ასეთი უწყებების ანგარიშები, როგორც აქამდე იყო, გავა კომიტეტის სხდომაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობის პირების არჩევასთან დაკავშირებით იყო მუხლები, სადაც ერთ მუხლში იყო თავმოყრილი სხვადასხვა მოსამართლის არჩევა, ესეც ტექნიკურად გავყავით, რომ პროცედურა უფრო იყოს გასაგები, ვინაიდან ხანდახან დაბნეულობას იწვევდა. ყველა ასეთ არჩევას თუ თანხმობის მიცემას დაეთმო ცალკე მუხლი. შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ცალ-ცალკე მუხლი არის და ადვილი იქნება უფრო პროცედურის გაყოლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.