შალვა პაპუაშვილი - საპარლამენტო ფორმატი არის ინსტრუმენტი ოპოზიციისთვის, თუმცა მათ ჩაშალეს სხდომა, რომელზეც შს მინისტრისთვის უნდა დაესვათ კითხვები
შალვა პაპუაშვილი - საპარლამენტო ფორმატი არის ინსტრუმენტი ოპოზიციისთვის, თუმცა მათ ჩაშალეს სხდომა, რომელზეც შს მინისტრისთვის უნდა დაესვათ კითხვები

საპარლამენტო ფორმატის ინსტრუმენტი უპირველეს ყოვლისა არის ოპოზიციისთვის და გასაკვირია, რომ სწორედ სხდომა ჩაშალეს. ეს მათი დღე უნდა ყოფილიყო და შს მინისტრისთვის მათ უნდა დაესვათ ძირითადი კითხვები, – ასე უპასუხა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოებამ, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრის პასუხები მოისმინოს, რადგან პარლამენტის დეპუტატებმა ამ შეკითხვების დასმა ვერ მოახერხეს.

„საპარლამენტო ფორმატი პრინციპში, ეს არის ინსტრუმენტი ოპოზიციისთვის, რადგან უმრავლესობას, რა თქმა უნდა, შეიძლება, უფრო მარტივი და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეს მთავრობასთან, მათ შორის, ცალკეულ მინისტრებთან და უფრო ადვილად მიიღოს კითხვებზე პასუხი. ეს ინსტრუმენტი უპირველეს ყოვლისა, არის ოპოზიციის და ეს მათი დღე უნდა ყოფილიყო; მათ უნდა დაესვათ ძირითადი კითხვები, მიეღოთ ამ კითხვებზე პასუხი და სწორედ ეს სხდომა ჩაშალეს. აქედან გამომდინარე, გარკვეული კითხვებიც არის, რამდენად გულწრფელი არიან ისინი და სურთ თუ არა კითხვებზე პასუხების მიღება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოძიების და ექსპერტიზის მიმართ სრული ნდობა არსებობდეს, რადგან საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ინსტიტუციების მიმართ უნდობლობა სახეზეა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, ნდობა საბოლოო ჯამში, მანიპულაციის საგნად იქცა. 

„უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს საზოგადოების ნდობა, რა ნაწილის, რამხელა ჯგუფის, არის ეს ნდობა თუ არა, ვინ ზომავს ამ ნდობას და ა.შ? იცით, როგორ არის?! – თუკი მიზანი არის ის, რომ უნდობლობა იყოს და გამოიხატოს, ამის გამოხატვა დღევანდელ მდგომარეობაში უმარტივესია, მედიის, სოციალური მედიის და ა.შ საშუალებებით, როდესაც ეს ინსტრუმენტები პოლიტიკურ ჯგუფებს ხელში აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხი პირველი შემთხვევა არ არის, სადაც მიზეზები ჯერ კიდევ დასადგენია, მაგრამ მედიის მიერ წინსწრებით ხდება ვერსიების წამოყენება და ა.შ.

„ხომ გვახსოვთ ბაშალეიშვილის საქმე, შაქარაშვილის საქმე და ა.შ?! ხომ კარგად გვახსოვს, რა იკადრა მაშინ ქართულმა მედიამ და სხვათა შორის, ამ ორი საქმის წამოწევას დღემდე ცდილობენ ხოლმე. გვახსოვს, როგორ პირდაპირ აყენებდნენ ისეთი ვერსიების კორიანტელს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა; ადამიანის პირად ტრაგედიაზე უბრალოდ, ჰაერიდან მოჰქონდათ ვერსიები და გვახსოვს, რა იყო ამის წანამძღვარი – წინასაარჩევნო პერიოდი და კამპანია, რომელიც ორი თვე მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს გაეცა პასუხი, მაგრამ უნდობლობა თითქოსდა, ხომ არსებობდა?! ამიტომ, აქ უნდა დავსვათ კითხვა – ეს მართლაც რაღაც უნდობლობაა, თუ არის უნდობლობის იმიტაცია, რომელსაც ცალკეული პოლიტიკური მედია ჯგუფები ახდენენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ყველა შემთხვევაში ხელისუფლების გამოწვევა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი ხელისუფალის გამოწვევაა, მაგრამ მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ბერკეტი არის სიმართლე და ამ სიმართლის საზოგადოებამდე მიტანა ყველაზე კარგი ინსტრუმენტია.