შალვა პაპუაშვილი - სანქციებით მუქარა ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარია, არ მგონია, ვინმესთვის ეს სასიკეთო იყოს, ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით
შალვა პაპუაშვილი - სანქციებით მუქარა ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარია, არ მგონია, ვინმესთვის ეს სასიკეთო იყოს, ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით

სანქციებით მუქარა ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარია, არ მგონია, ვინმესთვის ეს სასიკეთო იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ახალი სანქციების პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, ამ საკითხს ასე დავტოვებ, თუმცა ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით მოქმედებს.

„დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, პარლამენტის თავმჯდომარეები, წევრები არ იყურებიან და თავიანთ გადაწყვეტილებას არ აწყობენ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პრესმდივნების განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით. ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით. თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აწყობილი იქნება სხვა ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე, შანტაჟზე, მუქარაზე თუ რამე სხვაზე, მაშინ რად გვინდა ასეთი ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება გვყავდა 2012 წლამდე, რომელიც უყურებდა, დაუკრავდნენ თუ არა ტაშს გარედან, წითელ ხალიჩას დაუგებდნენ თუ არა და რა ეპითეტებით შეამკობდნენ – ამაზე იყვნენ აწყობილი 2012 წლამდე და ახლა ოპოზიციაში მყოფები, „ომის ქარტიის“ მონაწილეები ზუსტად ამაზე არიან აწყობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ამ დიდი გუნდის წარმომადგენლებს არც კი ეთაკილებათ, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ააწყონ უცხო ქვეყნების პოლიტიკოსების განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე, დღის წესრიგი ააწყონ არა საკუთარი ხალხის ინტერესებზე, არამედ იმაზე, რას იტყვის რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც თანამდებობის პირის პრესმდივანი, რომელიღაც პრეზიდენტის მრჩეველი. ეს ხომ სამარცხვინოა. დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავზე ჩვენ გვყავს კასტა პოლიტკოსებისა, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ მათი მიზანია, ემსახურონ სხვა ქვეყანას. ეს არის ვასალობის მენტალიტეტი. მათ სურთ არა დამოუკიდებელი, არამედ ვასალური სახელმწიფო, რომელიც თავის პოლიტიკას აწყობს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე.

ცალ მხარეს შენი ხალხის ინტერესი თუ დგას, ის არის უპირატესი, რა მნიშვნელობა აქვს, სხვა ქვეყანა რას იტყვის? რაში გვჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც იმოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებით და მუქარის საფუძველზე? „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, ხელისუფლებაში რომ იყვნენ და დადგეს საკითხი, ამჯობინონ ქართველი ხალხის ინტერესი თუ უცხო ქვეყნის მუქარა, ინტერესი, უცხო ქვეყანას აირჩევდნენ. ამას აკეთებდნენ 2012 წლამდე, ეს ბევრჯერ გააკეთეს. რა დროსაც ქართველი პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას ააწყობს უცხო ქვეყნის მუქარაზე, იმ მომენტში ის აღარ არის ქართველი პოლიტიკოსი, არამედ უცხო ქვეყნის შანტაჟს დაქვემდებარებული პოლიტიკოსია.

ასეთებით გვყავს სავსე ოპოზიცია, „ომის ქარტიის“ მონაწილები ასეთები არიან, მთელი ღამე „ტვიტერში“ იყურებიან, ღამე არ იძინებენ, რადგან იციან, ბრიფინგი იქნება სხვა ქვეყანაში. თვალებში შესციცინებენ უცხოელებს, რა სიტყვები გადმოვა მათი ბაგეებიდან, რომ საკუთარ დღის წესრიგად აქციონ. ეს სამარცხვინოა. ზოგადად, სანქციებით მუქარას რაც შეეხება, საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე, წლებია, ათწლეულებია, სხვადასხვა საქნციის ქვეშ ვართ ნამყოფი, მათ შორის, რუსეთი არაერთხელ ცდილობდა, სანქციებით მოეხდინა ზემოქმედება ქართველ ხალხზე. ეს არის ქართველ ხალხთან საუბარი რუსული სტილით. არ მგონია, ვინმესთვის სასიკეთო იყოს, რომ ასეთი ენით ესაუბრო ქართველ ხალხს. იმის ფიქრი და გაჟღერებაც არასწორია, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით, მუქარით. საქართველოს ხელისუფლებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.