შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი, არც ნატო არ ითხოვენ საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას, თუ მოითხოვდნენ, უნდა მოეცათ სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები
სანქციები აბსოლუტური აბსურდია, ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუ მოითხოვდა, პარალელურად, უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ოპოზიციური მედია ავრცელებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკზე დაყრდნობით ინფორმაციას, თითქოს კანდიდატის სტატუსზე მთავარი დათქმა იქნება, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?“
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან არის საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
„რთულია, ჟურნალისტის განცხადებებზე სერიოზულად კომენტარი გააკეთო, თუმცა ჩვენ ვხედავთ ამ მცდელობას ოპოზიციის და რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან. ჩვენ ვნახეთ სერგი კაპანაძის სტატია, სადაც ის პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ უნდა დაუდგეს პირობა რუსეთისთვის სანქციის დაწესება და სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა. დიდი ალბათობით, მის გათავისუფლებას გულისხმობდა. ვხედავთ, მათ შორის იყო სტატია „სოროსის ფონდის“ წარმომადგენლებისა, ვხედავთ, რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, მათი განცხადებები, მათ შორის, რამდენიმე „ენჯეოს“ ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი, ერთი, რომ პირდაპირ ამბობენ, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ იქნებ იყოს რამე, რაც მიენიჭება და თუკი მიანიჭებთ, მაშინ იყოს დათქმები რუსეთისთვის სანქციის დაწესება, მიხეილ სააკაშვილი და ა.შ. პირდაპირ არის შტურმი, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და იტოვებენ შესაძლებლობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათი შტურმი იყო უშედეგო, იქნებ რამენაიარად დაამძიმონ. რაც შეეხება სანქციებს, ეს არის აბსოლოუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის არც ნატო და არავინ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, თუ დავაწესებდით სანქციებს; მეორე – ეს ნიშნავს რისკს სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა პროქსიჯგუფების გამოყენებით თუ ა.შ. ანუ, ნიშნავს სამხედრო და ეკონომიკურ კოლაფსში ქვეყნის გადაგდებას და არცერთი პასუხისმგებლიანი ქვეყანა თუ ორგანიზაცია საქართველოსგან ამას არ ითხოვდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ უნდა მოეცათ ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, ვხედავთ, ეს ჯგუფი, მათ შორის ოპოზიციის და მათი მფარველი რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი უცხოეთში ამას ცდილობენ, ითხოვენ, თავიდანვე ითხოვდნენ, სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოსახლეობა გაეწირათ ეკონომიკური კატასტროფისთვის და გაეწირათ შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის. ამიტომ მე მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ვიღაც უცხოელი ჟურნალისტი ამ საკითხებზე საუბრობს. ეს, უბრალოდ, აჩვენებს, რომ ოპოზიცია ამაზე მუშაობს, მათ შორის, ვიცით, რომ ბრიუსელში ჩადის მათი რამდენიმე წარმომადგენელი, რომ ადგილზე ბოლო შტურმი მიიტანონ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.