შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს
ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა პარლამენტში. ისეა წარმოჩენილი, თითქოს მას ერთპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ორი მესამედისთვის არ იყო ეს საკმარისი, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გეგმა აქვს, რადიკალური გეგმა აქვთ სიტუაციის არევის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილმა თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით.
„რაც შეეხება წარდგენა-არწარდგენის საკითხს, ცესკო-ს თავმჯდომარემ თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, რომელიც წლებია საჯარო სამსახურშია. მის წინააღმდეგ მათ შორის წინა არჩევნების დროს იყო დისკრიმინაციული კამპანია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი ამ გადაწყვეტილებით ამ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო. ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ. არ არსებობს არც ერთი შენიშვნა მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი, რომელიც მის კეთილსინდისიერებაში, პროფესიონალიზმში შეიტანდა ეჭვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამით საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს“, – განაცხადა პაპაუშვილმა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.