შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ოპონენტები არა მხოლოდ ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს, არამედ ამომრჩევლების მიმართ აგრესიულად განეწყობიან
სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები არა მხოლოდ ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს, არამედ აგრესიულად განეწყობიან ამომრჩევლების მიმართ. ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დღესაც დაადასტურეს მოწოდება, რომ ამომრჩევლებს შეუზღუდონ შესაძლებლობა, საკუთარ რჩეულს თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ასეთი ქმედება არადემოკრატიული და არაკონსტიტუციურია. ამასთან, პაპუაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დღესაც დაადასტურეს მოწოდება, რომ ამომრჩევლებს შეუზღუდონ შესაძლებლობა, რომ საკუთარ რჩეულს თავისუფალ გარემოში ხმა მისცენ, რაც არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური საქციელია. ამით ეს პოლიტიკისები და პოლიტიკური პარტიები დემოკრატიას ემიჯნებიან. ჩვენ მაინც მოვუწოდებთ, რომ დაფიქრდნენ და მეორე ტურებში მონაწილეობა მიიღონ. დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი. ამავე დროს, ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, რომ აქტიურები იყვნენ. არ მოდუნდნენ იქიდან გამომდინარე, რომ ოპონენტები მეორე ტურში მონაწილებას თითქოსდა არ იღებენ. საარჩევნო უბნებზე აქტიურად გამოცხადდნენ და ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მისცენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.